საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთის ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. ამგვარად, ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ მოიგეს.
რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი რუს „დათვებთან“ და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა.
და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.