Items filtered by date: ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 - NEWSDAY GEORGIA
ევროსაბჭო - ს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
”მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის ოფისზე პოლიციის შტურმმა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ არაჯეროვნად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა”, - განაცხადეს მათ.
”საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი ესაჭიროება და არა ესკალაცია და დაპირისპირება”, დასძინა - ორმა თანამომხსენებელმა.
მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება მეტად გაამწვავოს დაძაბულობა. ამასთან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა მოძებნონ პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გამოსავალი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.
 
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

„სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

ხატია დეკანოიძე: "ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება".

22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

წყარო: https://civil.ge/ka/archives/400738

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი.

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური