"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული ნეგატიური მოლოდინები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა განცხადება, ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური პარტიის" თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა ნ. მელია დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა 23 თებერვალს, დილით, ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია თავის სამუშო კაბინეტში დააკავეს.
რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, სპეცტექნიკის თანხლებით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და ნ. მელიას მხარდამჭერები გასული დღეების მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გამთენიისას გამოჩნდნენ და ნ. მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.
სამართალდამცველებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი – ოფისში ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდანაც ჩავიდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ოფისიდან შეკრებილების გამოყვანა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა, ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გაუშვეს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".
მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.
უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.
ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.