„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადება
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.
ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.
მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.
მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს განცხადება
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
წყარო: https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-2182021-ka/
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ გ. გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გ. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის დიდი საფრთხე.
მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, - აღნიშნა გ. გახარიამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
პარლამენტს კი, ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.