Items filtered by date: ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საერთაშორისო დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დაესუ ჩანგმა შეხვედრა გამართა საინფორმაციო სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ ხელმძღვანელთან ავთანდილ ოთინაშვილთან.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საკმაოდ კონსტრუქციულ, ასევე მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა.

როგორც კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საუბრისას აღნიშნა, იგი ძალიან კმაყოფილია, რომ საქართველოში იმყოფება. „მე ძალიან მომწონს საქართველო და ქართველი ხალხი და იმედი მაქვს ჩემს წვლილს შევიტან კორეა-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საქმეში“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, კორეელი დიპლომატის თქმით, აშკარაა, რომ ქართველი ხალხი ძალიან მშრომელი და თავმდაბალია და სწორედ ეს მსგავსება ჩანს კორეელებსა და ქართველებს შორის. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მშვიდობის მაძიებელი ერია. „აქედან გამომდინარე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას უდიდესი პოტენციალი აქვს და ამისათვის ორივე მხარის წარმომადგენლებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთონ“, - ხაზი გაუსვა დაესუ ჩანგმა.

სწორედ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხების განხილვა გახლდათ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც კორეელმა დიპლომატმა ბევრი ისაუბრა. მისი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება თუკი საქართველო გაიზიარებს იმ გამოცდილებას, რაც გააჩნია კორეის რესპუბლიკას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით კი ეს შეეხება კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს.

მისივე თქმით, ზუსტად ეს სფერო გახლავთ სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. გასული წლის განმავლობაში კორეის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს და ანალოგიური სახის ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

ბუნებრივია კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს თავის მხრივ აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, ასევე ქართულ პრესაში არსებული ვითარება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუკი მოხერხდებოდა კორეელ და ქართველ ჟურნალისტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და ისინი შესძლებდნენ საქართველოში ჩამოსვლას რეპორტაჟების მოსამზადებლად. „რა თქმა უნდა მათ მიერ მომზადებულ სტატიებს აქტიურად გაეცნობიან კორეაში, ეს კი საშუალებას მისცემს კორეელი ტურისტებს დაინტერესდნენ საქართველოთი და დასასვენებლად ესტუმრონ თქვენს ქვეყანას. შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას“, - აცხადებს  დაესუ ჩანგი.

შეხვედრაში მონაწილეობდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს კონსული კო ოკ სოკი, რომელიც ასევე აღფრთოვანებულია საქართველოთი და ქართველი ხალხით.

შეხვედრის დასასრულს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის სახელით გაიმართა ლანჩი, სადაც წარმოდგენილი იყო კორეული სამზარეულო თავისი ტრადიციული კერძებითა და განუმეორებელი გემოთი.

ბუნებრივია, რომ ლანჩი მიმდინარეობდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების სრული დაცვით, რაც გამოიხატებოდა პირებს შორის არსებული შუშის ბარიერებით და დისტანციის სრული დაცვით. რაღა თქმა უნდა ამ ფონზე სადღეგრძელოების შემდეგ ტრადიციული ღვინის სასმისების მიჭახუნებაც, მხოლოდ და მხოლოდ შუშის ბარიერებს აზანზარებდა.

ავთანდილ ოთინაშვილი

ფოტო: მედეა ჭელიძე

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

15 თებერვალს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2021 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც  ახალ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მხარეების მიერ ასევე აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე.

ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებას და აღნიშნულ თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას.

დავით ზალკალიანისა და უენდი მორტონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბრიტანულ მხარეს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პ არლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან,  საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" 

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს.
სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს”, – ნათქვამია ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს – (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის.
შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.
რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური