Items filtered by date: სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.

ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან - შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს.

მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე - ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს.

დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი.

ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ.

ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა.

დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს. ჩვენ რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავყვებით.

მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კომპანიამ ბოლო წლებში CSR-ის მიმართულებით უკვე მეექვსე ჯილდო მიიღო

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-თანდა ევროკავშირთან თანამშრომლობით,კონკურსი „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ უკვე მეოთხედ გაიმართა, სადაც ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” ჯილდო „ეფეს საქართველოს“ გადაეცა. ეს კომპანიის უკვე მეექვსე ჯილდოა, რომელიც მან კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩატარებულ სხვადასხვა კონკურსში მიიღო.

„ეფეს საქართველოს“ გამარჯვება კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადიგანვითარებისთვის”  კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორულ პროექტებს, როგორიცაა “ფონდი ნატახტარი“, ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა პანდემიის პრიობებში, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ,  რომ სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა დიდ გავლენას ახდენს პროექტის ეფექტურობაზე.

ცნობილია, რომ 2011 წელს კომპანიამ დააარსა „ფონდი ნატახტარი,“ რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. ფონდი დღემდე 600-ზე მეტ ბენეფიციარს 1 მილიონი ლარით დაეხმარა. დასაქმდა 300-ზე მეტი, ხოლო 270-ზე მეტმა ახალგაზრდამ განათლება მიიღო. „ფონდი ნატახტარის“ რესურსები მათი საჭიროებების მიხედვით, ინდივიდუალურად ნაწილდება.  

პანდემიის პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდა ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების/პლატფორმების მხარდაჭერა. ამ მხრივ გამორჩეული პროექტია „ეფეს საქართველოს“ ბრენდის „ქარვის“ მუსიკალური კონკურსი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. „ქარვა“ დამწყებ მუსიკოსებს პოპულარობის მოპოვებაში და პირველი მუსიკალური ვიდეოს გამოშვებაში დაეხმარა. გამარჯვებულმა დამწყებმა მუსიკოსებმა საჩუქრად მიიღეს მუსიკალური ვიდეოს ჩაწერა და მისი პოპულარიზაცია კომპანიის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. "განიქარვე შინ" კამპანიის ფარგლებში „ქარვის” ოფიციალურ გვერდებზე ლაივ კონცერტები გადიოდა. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მუსიკის გაკვეთილები ონლაინ. გარდა ამისა, „ქარვა“ მხარს უჭერს ახალ მუსიკალურ პლატფორმებს.

„ეფეს საქართველოს“ პარტნიორული პროექტებიდან გამორჩეული იყო ასევე  ბარმენთა მხარდაჭერა, იქიდან გამომდინარე, რომ რესტორნების ბიზნესი პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია, „ეფეს საქართველომ“ პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით გადაწყვიტა 500-მდე უმუშევარი ბარმენის დასახმარებლად საკვების ვაუჩერების მიწოდება.

„მნიშვნელოვანია, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო და ღირებულპროექტს შორის შენსას გამოარჩევს.მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის თითოეულ წევრს აღიარებისთვის. კორპორაციული პასუხისმგებლობის ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნესი არის პროგრესული, რომლის საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის,

ისე საზოგადოებისთვისჩვენ გვეამაყება ამდენი პასუხისმგებლიანი ქართული კომპანიის გვერდით 

დგომა და ჩვენთვის დიდი პატივია ჯილდოს მიღება,“ - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.   

კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”, რომელშიც 50-მდე კომპანია სხვადასხვა CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა  გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანია “ეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში “გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” “ეფეს საქართველოსა“და არასამთავრობო ორგანიზაციის“ჩვენი სახლი – საქართველო” პარტნიორული პროექტი “ფონდი ნატახტარი“საუკეთესოდ დასახელდა. 2020 წელს კი „ეფეს საქართველომ“  კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ გაიმარჯვა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2021 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დასრულებისთანავე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სანტიაგო ალონსო-როდრიგესმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც გერმანია იღებს ვალდებულებას, შემდგომი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით პროფესიული განათლების, კერძო სექტორის ხელშეწყობის, ენერგიისა და ენერგოეფექტურობის, მდგრადი ურბანული განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროებში.

გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციის ცნობით, განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ძალიან კარგი თანამშრომლობა უკვე თითქმის 30 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის სფეროში 1,3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

სამთავრობო მოლაპარაკებები გერმანიასა და საქართველოს შორის ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2019 წლის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მთლიანი დაფინანსება დაახლოებით 188 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 53 მილიონი ევრო მხოლოდ გრანტებია. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობისათვის გამოყოფილი თითქმის 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებიც, რომლებითაც დიდწილად საქართველო სარგებლობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა პროფესიული სწავლების მიმართულებით. ამისათვის გერმანია გასცემს საგრანტო სახსრებს 24 მილიონი ევროს ოდენობით KfW-ს მეშვეობით ცენტრების მშენებლობისთვის. გერმანია უკვე აფინანსებს სამშენებლო და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი ცენტრის მშენებლობას თბილისში. კიდევ ორი წამყვანი ცენტრი გაიხსნება ღვინისა და ტურიზმის სექტორებისათვის და ისინი გახდებიან წამყვანი დაწესებულებები დუალური პროფესიული განათლებისათვის. მხარდაჭერა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს მრავალი წლის განმავლობაში ღვინისა და ტურიზმის სფეროში და ასევე სხვა მიმართულებებითაც, ასევე ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული ამ ცენტრების მეშვეობით.

სამთავრობო მოლაპარაკებების დამთავრებისთანავე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ხელი მოეწერა ფინანსურ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტებს:

ასე, მაგალითად გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სფეროში 5,24 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 24 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის იმპლემენტაცია.

ამ მწვანე პაკეტის განხორციელებას დაასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებული, 40 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც გამოეყო კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვისათვის. ამ თანხის მეშვეობით მხოლოდ  საქართველოში ფინანსდება 12 დაცული ტერიტორია და შესაძლებელია, მათ რიცხვს კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაემატოს, რადგან კიდევ იგეგმება ხუთამდე დაცული ტერიტორიის შექმნა. შესაბამის ხელშეკრულებას გასულ კვირას ხელი მოაწერეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა და CNF-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა თობიას მიუნხმაიერმა.

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ცენტრალურ სფეროშიც, რომელიც ეხება „ენერგიას“, არსებული პაკეტს დაემატა გაღრმავებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს საპილოტე პროქტის შექმნას ახალ, მწვანე წყალბადის სფეროში. KfW-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაგეგმარების კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საპილოტე პროექტისათვის. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ახალ ვებსაიტზე, euneighbourseast.eu სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან — აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან.

აქ თქვენ იპოვით უახლეს ცნობებს, სტატიებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. საიტი რვა ენაზე — აზერბაიჯანულად, ბელარუსულად, ინგლისურად, რუმინულად, რუსულად, სომხურად, უკრაინულად და ქართულადაა ხელმისაწვდომი. EU NEIGHBOURS east-ის სარედაქციო გუნდი ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასზე მეტ საიტსა და ევროკავშირის პროექტს, წერს უახლეს ცნობებს და ოპერატიულად უგზავნის მათ საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერებს.

ახალი ამბების გარდა, საიტს ყოველდღიურად ემატება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მისი წარმომადგენლობების მიერ დაფინანსებული ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა გრანტები, სტიპენდიები, სემინარები, კონკურსები და სხვა. ამ მასალის გაფილტვრა ქვეყნებისა და თემების მიხედვითაა შესაძლებელი.

ფაქტების გვერდზე განთავსებული პრაქტიკული სტატიები ხსნიან, როგორ მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები. მათი დახმარებით თქვენ გაიგებთ, როგორაა შესაძლებელი ამ პროგრამების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება — მაგალითად, გრანტის ან სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შეტანა. ისტორიების გვერდზე კი კონკრეტული მაგალითებია მოცემული!

საიტზე განთავსებულ მასალას შორის საჭირო ინფორმაციის გაფილტვრა მარტივადაა შესაძლებელი ქვეყნის, თემის და კონკრეტული პროგრამის მონიშვნის გზით. აქვეა ხელმისაწვდომი მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა ის პროექტია თავმოყრილი, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს. იმისთვის, რომ არაფერი გამოგეპაროთ, გამოიწერეთ ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენი. ქვეყნის, ენის და კონტენტის ტიპის არჩევის გზით, თქვენ შეგიძლიათ, საინფორმაციო ბიულეტენი საკუთარ საჭიროებებს და ინტერესებს  მოარგოთ.

ვიდეო:  https://vimeo.com/639490963 

 

 

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
2021 წლის 8 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი თქმით, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.
სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენების შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.
სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური