Items filtered by date: სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა, სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.

პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.

"მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

“საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე პოპულარულ ინგლისურ სიტყვებს,  2021 წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო, 2021 წელს როგორც საზოგადოების სხვადასხვა ფენების ასევე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე მეტად „vax“, რომელიც ინგლისურად „ვაქცინის“ შემოკლებაა, იქნა გამოყენებული.

დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით 72-ჯერ მეტი გამოყენებული ცნება „vax“, რომელიც „ვაქცინის“ შემოკლებაა და ლიტერატურაში 1980-იანი წლების შემდეგ შევიდა, მას შემდეგ ყველაზე მეტად 2021 წელს იქნა გამოყენებული.  

ცნობისათვის, 2020 წელს, ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვად „სელფი“ და „პოსტ-ჭეშმარიტება“ დაასახელა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს. 

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. 

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში. 

აშშ-ის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ ემზადება. საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2021“-ის შესახებ ბრიფინგი სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა წარუდგინა. მან სწავლების სცენარზე, მიზნებზე, ამოცანებსა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბურია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. საშტაბო კომპონენტი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში განთავსდება. საშტაბო ნაწილის გარდა, „დიდგორი 2021“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებსაც მოიცავს. 

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და 8 - 12 ნოემბერს ჩატარდება. სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლებაში სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

გამოქვეყნებულია სამხედრო

ქალაქ ციანსიში, /გუიჟჯოუს პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/, დღეიდან დაიწყო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

გუიჟჯოუს პროვინციის მოსახლეობა დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით 38,8 მილიონს აჭარბებს. მთლიანად ჩინეთში დღეის მონაცემებით აცრილია მოსახლეობის 76,48 პროცენტი. 

სინხუა / ფან უის ფოტო

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური