Items filtered by date: ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

16 ნოემბრიდან ევროკავშირი აღიარებს COVID-სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების ანალოგიური პირობებით გაიცემა. ევროკომისიის მიერ 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება ასევე ახალ ზელანდიას და სერბეთს ეხება.

ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდება. ამავე დროს, ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირიდან მათ ქვეყნებში შესულ პირებზე გაცემულ ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს აღიარებს. 

„დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთი კონტინენტის ახლა უკვე 49 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული არის ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატის სისტემასთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს ადამიანებმა თავი კვლავ უსაფრთხოდ იგრძნონ“, —  აღნიშნა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.

უკრაინა და სომხეთი ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების სისტემასთან უკვე დაკავშირებულები არიან.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარს ვუჭერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიური შეზღუდვების უსაფრთხოდ მოსახსნელადაც“, — განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. 

ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებსაიტზე და კითხვა-პასუხის ფორმატში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.
,,ახალი" ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს.
ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს  სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეულ კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.
ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.
„ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება უკვე დღეიდანაა შესაძლებელი ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის.
„ჩვენი  გუნდის მიზანია, შევქმნათ მარტივი და გასაგები საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.
ახალ ბარათს მთელს რეგიონში  არ აქვს ანალოგი - სრულიად განსხვავებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მაღალ სარგებელს  დაუბრუნებს.  რაც მთავარია, ბარათი არის უპროცენტო, მას აქვს ერთადერთი და უცვლელი ყოველთვიური გადასახადი - შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს არასოდეს ექნება გაუთვალისწინებელი ხარჯი.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან,  მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2.3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 5 000-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 647 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ახალი ბარათის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ: www.libertybank.ge
გამოქვეყნებულია საზოგადოება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვარზე სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.

სომხეთის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო. ამ ფონზე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროკავშირმა და ეუთომ. მოგვიანებით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijani-da-somkheti-16-noembris-shetakebebis-shedegad-daghupulebisa-da-dachrilebis-shesakheb-informacias-avrceleben/

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა (1) მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და (2) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს.[1]

რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.[2]

ამასთან, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა[3] 10 წელს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს.[4] სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას.[5]

ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით.

სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.


[1]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, 37-ე მუხლი.

[2]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი,

[3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი.

[4] რიეპანი ავსტრიის წინააღმდეგ, 35115/97, პარა, 28-29; კრესტოვსკი რუსეთის წინააღმდეგ, 14040/03, პარა. 29;

[5] კრესტოვსკი, 29-30; ლუჩანინოვა უკრაინის წინააღმდეგ, 16347/02, 56-57.

გამოქვეყნებულია სამართალი

მედიაჰოლდინგი TV-24, აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერლის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის შემოქმედებას.

მაყურებელს და მსმენელებს, პირველად შესაძლებლობა ექნება ქართულ ენაზე მოისმინოს ნარიმანოვის რომანის „ბაჰადური და სონა“ აუდიო ვერსია. ამ ღონისძიებას სპეციალურად მიეძღვნა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ბადრი ნაჭყებიას საავტორო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა მეცნიერებათა დოქტორი აიგულ ისაევა.

სწორედ აიგულ ისაევაა ის პირი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა ნარიმან ნარიმანოვის ნაწარმოებების თარგმანი ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური