Items filtered by date: ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათი ინფორმაციით, დონაცია 3000 დოზაზე მეტ კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

„საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს გადავეცით მაღალი ხარისხის მედიკამენტის 3000 დოზა, ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის წარმატებულ თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ  ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს“, -აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია „როში“-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის  ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

მედიკამენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა. პრეპარატების გადმოცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრთან და გერმანიის ელჩთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში იმართება.
მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 1-ელ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მათი აქტიურობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის არჩევნების მეორე ტურზე. „პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.  მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. 

საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდ უსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნებს“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.   

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში.  

როგორც ბრიფინგის ბოლოს კალანდარიშვილმა განაცხადა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით დათვლილია და სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომია results.cec.gov.ge-ზე.   

საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.  

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საჩივარს 4 დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე 2 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს გადათვლის პროცედურებს; თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება. რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021 11:14

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%). 
სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  იმ  საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური