Items filtered by date: შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 23:43

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას როგორც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ისე ამ დროისათვის დაფიქსირებული საჩივრების შესახებ სტატისტიკა გააცნო.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  51.92%-ია.  კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  -ხმის დათვლის ეტაპი.

როგორც იცით, საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურები განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და ზოგადად, გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“, -განაცხადა იოსელიანმა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრის დღე შეაფასა.

„კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

უკვე დაწყებულია საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი - ხმის დათვლის პროცედურები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი მიგნებების შესახებ და, რა თქმა უნდა, ვუზიარებდი დეტალებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. 

მინდა შეგახსენოთ, რომ 3200 საარჩევნო უბანზე სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, წელს პირველად, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „google drive“-ის პლატფორმაზე და უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს კრწანისის საოლქო საარჩევნო უბნებზეც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც. 

ამ მრავალ სიახლეს, რომელიც ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა.

ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ, ნაწილობრივ შევსების ფაქტს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ საკითხზე ექნება შესაბამისი რეაგირება.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. 124-ე საუბნო საარჩევნო კომისია კი შემაჯამებელ ოქმს შეადგენს კანონით დადგენილი წესით.

ამასთანავე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერ დადასტურებულ გადაცდომასა თუ ხარვეზზე საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

მადლობას მოგახსენებთ თქვენი აქტიურობისთვის მედიას, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად შრომობდით მიმდინარე აქტივობების გასაშუქებლად“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს;  აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალურ საარჩევნო  კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

„კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით - ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის  -41.35- %-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე.

ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი გადაითვლება.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი.   ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს, ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, -

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი, და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

გაგაცნობთ ინფორმაციას 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ: ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28  საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.  თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. 

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

დღეს ასევე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. ჩვენ დილიდან წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და უკვე დილის 08:30 სთ-ზე გაცნობეთ, რომ კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 სთ-ზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო  1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3664 უბნის 24.3% პროცენტი. ამავე ორგანიზაციის განცხადებით ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს, ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება.

მადლობა ყურადღებისთვის. გაცნობებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება 18:00 სთ-ზე და წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 სთ-ის მდგომარეობით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც.

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე.  ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა. კენჭისყრის დღე და არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ყველა იმ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე ახორციელებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის,  კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ორგანიზებისთვის.

თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ქართველი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს უბნებზე მშვიდ გარემოში დააფიქსირებს.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის  ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.

საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული  სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება დაიწყება, რაც გარკვეულწილად ასევე ზრდის დათვლის პროცედურების ხანგრძლივობას. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებაც აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა,  პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

ასევე დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიასთან დაკავშირებით. განვმარტავთ, კანონის შესაბამისად  ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოებიანი ვერსიის გამოთხოვის უფლება აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი აღქმების ფორმირებას ემსახურება.

ასევე ამომრჩევლებს შევახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ მათი ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი  ბიულეტენი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - აქტივობა 11.2%-ია,  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა  6.1%  დაფიქსირდა ქვემო ქართლში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში  ის განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge.  ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებზე -

არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და  საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.

ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.

ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და  32-ე საარჩევნო უბნებზე  საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს   საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვიწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დარღვეულია საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან  არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე.

ასევე არასწორია ორგანიზაცია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია.  საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული.

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური