Items filtered by date: სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართა საარჩევნო კომისიებში გადათვლების პროცესი.

„დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. პირველ რიგში მოვისმინე ის შეფასებები, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი იზიარებენ ეუთოს შეფასებებს, რომლის თანახმადაც არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.ასევე მივაწოდე ინფორმაცია საჩივრების განხილვის და გადათვლის პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

როგორც შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა  ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი,  საერთაშორისო სადამკვირვებლო  და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საკითხი კი საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ - აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროების მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.

აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო  7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა. ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი იქ მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, საოპერო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა და სამედიცინო სექტორში მოღვაწე მეცნიერებმა პრეზიდენტს ის საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების განვითარებას და პროგრესს გამოიწვევს. 

ვენაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით კარგი იქნება, თუკი საელჩოსთან თანამშრომლობით ვენაში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას. 

„ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და გარეთ გასატანი ღირებულება - ჩვენი კულტურაა. ამ მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, იმდენის გაკეთება, რაც თითოეულ თქვენგანს თავისი ნიჭითა და შრომით შეუძლია. დღეს თავისუფლების დროა და  ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს წარმატება თქვენია, თუმცა ის სახელმწიფოსიცაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის ევროკავშრის მოქალაქეების სწავლის საფასურთან გათანაბრების საკითხს, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს ახალგარზდა ელჩმა მარიამ რურუამ დასვა და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუკი ეს საკითხი მოგვარდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებში განიხილება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი უკვე განიხილა ბრიუსელში დავიდ სასოლისთან შეხვედრისას და იგეგემება, რომ ეს თემა გადაიჭრას ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით.

პრეზიდენტმა საჩუქრად ხელოვანებს სანოტო წიგნები გადასცა. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა 9-10 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართა თალიბანის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში შექმნილი ბოლო ვითარება. ამავე განცხადებით, ეს იყო თალიბანების მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

შეხვედრის დროს პრიორიტეტი მიენიჭა ამერიკელებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის საკითხს. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებიც, მათ შორის ქალების ადექვატური წარმომადგენლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი უშუალოდ დაეხმარება ავღანელ ხალხს.

მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის განსაზღვრავს საგზაო რუკას თალიბანის ქმედებების და არა მათი სიტყვების მიხედვით. როგორც ცნობილია 30 აგვისტოდან ავღანეთს თალიბანი მართავს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური