Items filtered by date: პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

კენჭისყრის დღემდე ერთი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში ჩართულობისთვის.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვების სურვილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ცესკოს  თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები და მიგნებები.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

15-მდე ქვეყნის დელეგატს ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 20-მდე წარმომადგენელი, რომელიც 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს დააკვირდება უკვე  საქართველოშია და ისინი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს  სამომავლო გეგმებზე. გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალსახად არსებითია სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.

მისივე თქმით ქართველმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. "ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მისი გადაადგილების ინფორმაცია. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული”, – დასძინა ი. ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოროდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. "მადლობა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული", - დაამატა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხვალ, 2 ოქტომბერს ყველა თქვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში.

მინდა მივმართო ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და თანამშრომლებს და მადლობა ვუთხრა იმისათვის, რასაც აკეთებენ და გააკეთებენ არჩევნების დღეს. მადლობა თავდაუზოგავი გარჯისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით  თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ხშირად უწევს უსამართლო და დაუმსახურებელი საყვედურის, შენიშვნის, ხშირად კი, ღია შეურაცხყოფის მოსმენა. მე პირადად გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არცერთი შეურაცხყოფა, ხშირად პროვოკაციული თუ აგრესიული ქმედება თქვენს მიმართ, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.

ამასთან, ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, მინდა მოგმართოთ, რომ ყველა ერთად აღვიჭურვოთ მოთმინებით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით, რომ მაღალ პროფესიულ დონეზე  შევძლოთ  არჩევნების პროცესის ორგანიზება.  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთებაში და არ დავუშვათ იოტისოდენა ეჭვიც იმაში, რომ ჩვენს საარჩევნო უბნებში შეიძლება მოხდეს რამე უმსგავსობა, უწესრიგობა და უსამართლობა.

მინდა მივმართო დამკვირვებლებს, ყურადღებით და პასუხისმგებლიანად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე.

მინდა ასევე მივმართო მედიას, რომელსაც  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წინასაარჩევნო პროცესის და არჩევნების დღის გაშუქებაში და ვთხოვო, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად, მიუკერძოებლად გააშუქონ არჩევნების პროცესი და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია არჩევნების შესახებ.

მინდა მოვუწოდო პოლიტიკური პარტიების წევრებს, გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის უფლება, თითოეული ხმა და თქვენ მიერ ამომრჩევლის მხრიდან მოპოვებული მხარდაჭერა იქნება გარანტირებულად დაცული. ამასთან, მინდა მოგიწოდოთ, ჩვენთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებთან ერთად, უზრუნველვყოთ მშვიდი და საქმიანი გარემო არჩევნებზე. 

და ბოლოს, ისევ მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ძვირფასო მეგობრებო,  არჩევნების დღე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის იმედის, მომავლის, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის განვითარების არჩევის დღე. გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის ეს უზენაესი არჩევანის გაკეთების უფლება, იქნება გარანტირებული კონსტიტუციით და ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით. თქვენ გექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მოდით არჩევნებზე, მოდით, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები!

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი,  პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების,  სხვა ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციებისა და  საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

 

საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.  ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახლებული შემადგენლობით, ამომრჩევლისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებისა და პანდემიის ფონზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მოკლე დროში გასწია მოცულობითი სამუშაო და ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს“.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება.  საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას პირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა.

გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ. თუმცა ჩვენთვის უცნობია ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია. 

ამასთან, ასევე გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამომრჩეველთა ბარათების ფოტოები და დეზინფორმაცია, თითქოსდა ზოგიერთ მისამართზე მიიღეს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემული ამომრჩეველთა ბარათები, ან ისეთი პირების ბარათები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის თაობაზე ტელეკომპანია "მთავარი" აქვეყნებს ინფორმაციას.

როგორც მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, ახლა ბათუმში იმყოფება, სულ მალე კი თბილისში იქნება. "აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს... ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას.

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც ყოველთვის შეიმჩნეოდა საარჩევნო გარემოში. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის წინასწარი  შედეგების მიხედვით, ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან. წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.

ტელევიზიების  შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო ივლისში, როდესაც ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მოვლენები ყველა ეროვნულმა ტელევიზიამ აქტიურად გააშუქა, თუმცა მათი უმეტესობა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა. იგივე ტენდენცია შეიმჩნეოდა ტელევიზიების სოციალურ ქსელებში, მეტწილად, ფეისბუკ გვერდებზე.

პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება გაიზარდა რადიო სექტორშიც, რომელიც წინა წლებში, მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური მიკერძოება და პოლარიზება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეროვნული რადიოების შემთხვევაში. რეგიონული რადიო სადგურები უფრო დაბალანსებულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მსმენელს კრიტიკულ ანალიზს ვერ სთავაზობდნენ და ხშირად, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი რადიო სადგურები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს იცავდნენ და თავს იკავებდნენ დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან.

ისევე როგორც წინა წლებში, ეროვნულ ბეჭდურ მედიაში კვლავ  შეიმჩნეოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის  გამოყენება. ამის საპირწონედ, რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად და პროფესიულად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.

საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები ონლაინ მედიის სექტორში. აქ, ეროვნული მედია საშუალებები ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით აშუქებდნენ მოვლენებს, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ონლაინ გამოცემები პოლიტიკური ფავორიტიზმისა და მიკერძოებისკენ იხრებოდნენ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პოლარიზება და მიკერძოება მაინც ნაკლებად  შესამჩნევი იყო  ონლაინ მედიის სექტორში ტელევიზიებისგან განსხვავებით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო მედიის ყველა სექტორში. წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა სულ რამდენჯერმე დარეგისტრირდა.

ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მედიამონიტორინგმა ასევე შეისწავლა, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური მოთამაშეები სოციალურ ქსელებს, კერძოდ, ფეისბუკს, ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის. წლევანდელი კვლევის ფარგლებში, მედიამონიტორები თვალს ადევნებდნენ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების 500-ზე მეტ ფეისბუკ გვერდსა და ღია ჯგუფს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისა და მერების ფეისბუკ გვერდებზე ნაკლებად ვრცელდებოდა პოლიტიკურ პროპაგანდასთან ან საარჩევნო დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები თავის ფეისბუკ გვერდებს ოპონენტთა კრიტიკისთვის იყენებდნენ, თუმცა მთლიანობაში, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში ჯდებოდა და ეთიკის ნორმებს არ სცდებოდა. საარჩევნო ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა ღია ფეისბუკ ჯგუფების სივრცეშიც, თუმცა მსგავსი პოსტები საკმაოდ დაბალი ინტერაქციით გამოირჩეოდა.

ისევე როგორც 2020 წელს, მედიამონიტორინგის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენებს საქართველოს არჩევნებზე. ამერიკის შეერთებული შტატებთან, ევროკავშირთან და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებით ხშირად შუქდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში.  ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გაშუქება ძირითადად პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი პოლიტიკური მოვლენები, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული „შარლ მიშელის შეთანხმება“, ავღანეთში განვითარებული მოვლენები და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ბელარუსსა და  უკრაინასთან. განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებები ამ მოვლენებს ან საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად წარმოაჩენდნენ, ან პირიქით, ხაზს უსვამდნენ საქართველოს მთავრობის ანტი-დასავლურ კურსს.

„მედია გარემო საქართველოს საზოგადოებაში არსებული პოლარიზების ანარეკლია, რაც განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება არჩევნების პერიოდში. ამ მხრივ, მედიის კვლევა ის კრიტიკული ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს მათი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაში“, - განაცხადა  ევია კოტანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„ამომრჩევლებისთვის მედია სანდო ინფორმაციის წყაროა, რომელიც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. მისასალმებელია, რომ ქართული მედია მრავალფეროვანია და განსხვავებულ მოსაზრებებს აშუქებს. თუმცა, პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება სამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით  - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული).

მედიამონიტორინგის წინასწარი შედეგები 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე). ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: mediamonitor.ge 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ. განცხადება/საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) წარდგენის შემთხვევაში განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური