Items filtered by date: ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.

ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები:  ირაკლი კობახიძეფრიდონ ინჯიამარიამ ქვრივიშვილიგივი მიქანაძეთამარ ტალიაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი შედიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

 

ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.

ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს  "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?

14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.

კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.

როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა  ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი

 

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა,- ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუქარა, ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა, არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ "ოცნების" მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. „ქართული ოცნების" არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული.

ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ბლოკი "ძალა ერთობაშია - "პროგრესი და თავისუფლება", ნაციონალური მოძრაობა", „სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია" ავრცელებენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედი ფედერალური გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ემიგრანტი წარმოშობის მუსლიმი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, პაკისტანში დაბადებული საიმე მოჰსინი აირჩიეს გენერალური პროკურორის მოადგილედ მიჩიგანის შტატის აღმოსავლეთ რეგიონში. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც „პირველი მუსლიმი ქალი გენერალური პროკურორი ქვეყანაში.“

საიმე მოჰსინი 2002 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სექტორში, მათ შორის ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ასისტენტებად.

გამოქვეყნებულია სამართალი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა, რომელიც მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარმოადგინა.

ანგარიშის მოსმენას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საბოლოო ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

როგორც ტინი კოქსმა განაცხადა, საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები და მისი შედეგები ეჭქვეშ ვერ დადგება. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.

„საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ფუნდამენტური თავისუფლება იყო დაცული. საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიღებაც მოხდა ეუთო/ოდირთან, ევროპის საბჭოსთან მჭირდო თანამშრომლობით და რეკომენდაციებით, დაეხმარა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში. არჩევნებში მონაწილეობა 48 პარტიამ მიიღო და 10 პარტიის წარმომადგენლები აირჩიეს პარლამენტში.

მმართველმა პარტიამ მკაფიო ხაზი არ გაავლო კამპანიის დროს მასსა და სახელმწიფოს შორის. მეორე პრობლემა არის - სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

საქართველოზე თანამომხსენებლებმა გააკეთეს განცხადება და მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს არის ჭკვიანური რჩევა. მეც მინდა მოვუწოდო პარტიებს დიალოგისკენ“, - განაცხადა ტინი კოქსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის იმუშაოს ყველასთან, რათა უზრუნველყოს არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს ჩატარდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების განხილვა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მან დამკვირვებლებს გლობალური პანდემიის მიუხედავად საქართველოში ჩამოსვლისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა არჩევნები შესაბამისობაში ყოფილიყო საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ მეტწილად პოზიტიური შეფასების მიუხედავად, საარჩევნო პროცესში გამოვლინდა ხარვეზებიც. კახა კუჭავამ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მზადყოფნაც დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა.

„მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ მეტწილად პოზიტიურ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“. მიუხედავად ამისა, გამოვლენილ იქნა რიგი ხარვეზებისა. ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით მათგან კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მოწოდებას ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ; ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უარს არ იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე, რომელიც მათ 800,000-მა ამომრჩეველმა მისცა და დემოკრატიულ პროცესებს ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანენ. იმიტომ, რომ ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც არჩევნების შედეგები შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მცირედი გაუგებრობა მოჰყვა პარალელურ დათვლას, რაც ოპოზიციის მხრიდან ბრალდებების მთავარი არგუმენტი გახდა, თუმცა, თვენახევრის შემდეგ, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღიარა PVT შედეგებთან დაკავშირებული ხარვეზი“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა რამდენიმე გამომსვლელის განცხადებასაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ხშირად საქმე დეზინფორმაციასთანაა.

„მსურს, დაგარწმუნოთ, რომ, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, ხანდახან ჩვენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი ვხდებით. არ მომხდარა არცერთი კანდიდატის დაკავება, განსაკუთრებით, ორი კვირით ადრე. არ ყოფილა არცერთი ასეთი შემთხვევა. რაც შეეხება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები“, უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად თვენახევრის შემდეგ, მათ გააკეთეს ოფიციალური განცხადება, რომ შეცდომა დაუშვეს პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით და აღიარეს ხარვეზი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ვიცე პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ და დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართველმა პარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-რუსეთის დავასა და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე.

„საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

„სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაახლოვა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილი, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც, დეპუტატის განცხადებით, არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო: დეპორტაციის საქმე და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც, მისი შეფასებით, ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში“, - მიმართა ასამბლეის წევრებს მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია.

„საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის ისტორიული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა და რომ საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

„ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

„ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?!

განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, - მიმართა ასამბლეის წევრებს კახაბერ კუჭავამ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური