Items filtered by date: ორშაბათი, 18 იანვარი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. 

საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.  

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ  შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების  საფუძვლით დაჯარიმდა 3 ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში - 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 670 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მოსკოვში აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს, ხოლო მის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას, მასთან ყოფნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური ციხის სამსახურების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი, რომელსაც 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის განმეორებით დარღვევებზე ეძებდნენ, შერემეტიევოს აეროპორტში იქნა დაკავებული.

მეორეს მხრივ, ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკავშირისგან მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას „მიუღებელ“ ფაქტს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ფაქტს ასევე გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელიც და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და იგი გაათავისუფლოს.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს, რომელიც საავადმყოფოდან გასული წლის 23 სექტემბერს გაწერეს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

ამავე დროს, 5G-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. დოკუმენტის თანახმად, ბაზარზე მომწოდებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, როგორიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოების გარემო; მიმწოდებლის ეთიკური  პრაქტიკა; მიმწოდებლის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. 

მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური