Items filtered by date: ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ჩინეთის საელჩომ სპეციალური ვებ-გვერდი (https://2020.cn.ge) შექმნა, რომელიც 30 სექტემბერს ოფიციალურად ამუშავდა. საქართველოში ჩინეთის ელჩმა - ლი იენმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.

ჩინეთის ელჩმა 71 წლის წინ ჩინეთის მიერ დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოპოვება და 71 წლის მანძილზე ქვეყნის მშენებლობისა და ეროვნული  აღორძინების უჩვეულო ისტორია გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს ჩინელი ხალხი კიდევ ერთი გამოცდის - ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა. ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად უწყობს ხელს და როგორც პასუხისმგებლიანი, დიდი სახელმწიფო მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს. ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წლის მანძილზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა დონეზე კავშირები დღითიდღე იზრდება, საქმიანი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობა წინ მიიწევს, ჰუმანიტარული კავშირებიც მუდმივად ღრმავდება, წელს ეპიდემიის წინააღმდეგ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩინური მხარე მზადაა საქართველოსთან ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად და ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი კეთილდღეობის მისაღწევად.

ვიცე-პრემიერმა - მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით ჩინელ ხალხს სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 71-ე წლისთავი მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალიან აფასებს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა. მან გაიხსენა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს კარგად ახსოვს, რთულ პერიოდში ჩინეთი საქართველოს მხარში დაუდგა და დაეხმარა. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, რაც ქართველ და ჩინელ ხალხს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება. ცოტა ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, ჩინეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით პანდემიას მალე დავამარცხებთ და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

ჩინელ ხალხს, ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ვიდეო მილოცვები ასევე გაუგზავნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით საგანელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა - არჩილ კალანდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა, საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველოს" დირექტორმა ავთანდილ ოთინაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - გიორგი ვერულიძემ, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი ამილახვარმა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა - მარინე ჯიბლაძემ, პოლიტიკის, განათლების, მედიის და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა.

კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო, ჩინეთის საელჩო საქართველოში ეროვნულ დღესასწაულს ვირტუალური ფორმით პირველად აღნიშნავს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი და ამ მიზნით ნებისმიერი პირის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გასცდება საკუთარ მანდატს და ასეთი განცხადებების ავტორებს არ მიეცემათ პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, დამკვირვებელი უფლებამოსილია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით და დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია. შესაბამისად, არის მცდელობა, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, დაუზუსტებელი ან  ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთის მხრივ პოლიტიკურ პლატფორმად გადაქცევა და მეორეს მხრივ მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება.

ამასთანავე, განვმარტავთ, რომ სხდომაზე იხილება დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხები სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიების განხორციელების მიზნით და კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს. ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ.

შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა კომისიის წევრი, წარმომადგენლები და დამკვირვებლები დაიცავენ საარჩევნო კანონმდებლობას და იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის აქტის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები გამყოფი ზოლის გასწვრივ სამოქალაქო პირებზე, კერძო სახლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ, რაც ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის სამიზნე ხდება, მათ შორის საარტილერიო და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. საცხოვრებელ რაიონებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბურსუნლისა და ჰულაბანდის სოფლებში, ასევე ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის რამდენიმე კვარტლებში ბუნებრივი აირის მილსადენები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების სამიზნე გახდა.

29 სექტემბერს აღდამის რაიონის სოფელ გარადაღლის სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად ერთის სამოქალაქო პირი დაიღუპა. 29 სექტემბრის მონაცემებით ჯამში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი და ორი ხანდაზმული, 35 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა 66 კერძო სახლი და 8 კერძო საკუთრება. ქვევით მოყვანილია სომხეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის დამადასტურებელი ფოტოები. სერიოზულად დაზიანდა ტერტერის რაიონის სოფელ აზადგარაგიონლუს მოსახლეობის კერძო საკუთრება", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი საკმარისია „სომხეთის არმიის მოსაგერიებლად“, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი გაუწევს მას სამხედრო დახმარებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტთან საუბრისას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში და ჩვენ მართლები ვართ. სწორედ ასევე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს. თუკი საჭირო გახდება, დავეხმარებით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს შესაძლებლობები ყოფნის. ჩვენ მათთან სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს და ბრძოლის ველზე ჩვენ გავუწევთ დახმარებას, თუკი ასეთი აუცილებლობა იქნება“ - განუცხადა სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მ. ჩავუშოღლუმ იქვე დასძინა, რომ სომხეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს თავისი შეტევებით და ამაზე მას საჭიროა პასუხის გაცემა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.

„მინდა მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას“, - წერს თამარ ჟვანია.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნ. ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ნ. ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა არ განუხილავთ.

წყარო: https://1tv.ge/news/nikol-fashiniani-ackhadebs-rom-yarabaghis-konfliqtis-zonashi-saertashoriso-samshvidobo-dzalebis-sheyvanas-ar-ganikhilavs/

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 09:53

ვითარება მთიან ყარაბაღში

ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი სამხედროები დილიდან ქალაქ ტერტერს ბომბავენ. უწყების განცხადებით, სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, ბრძოლები გრძელდება, სომხურმა მხარემ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

წყარო: https://report.ge/world/vitareba-mtian-qarabaghshi1/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ადმინისტრაციის განცხადებით, გუშინ, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი იუწყება შემთხვევის ადგილიდან, დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა. 

ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება.  

დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი. 

დაპირისპირება მარნეულში "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მოხდა".

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური