Items filtered by date: ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, – ამის შესახებ დღეს, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ე. ბაირამოვმა ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებს მიმართავენ, აჩვენონ მკაფიო და ურყევი მიდგომა ამ სიტუაციისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ისინი დაგვანახებენ რეალურ პოლიტიკურ ნებას და არა მხოლოდ დიპლომატიურ ფორმულას”,- განაცხადა ე. ბაირამოვმა.

როგორც საელჩოს მრჩეველმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, როგორც ე. ბაირამოვი აცხადებს, საფრთხე ამ პროექტებს სომხური მხარის მხრიდან ემუქრება.

„თქვენ იცით, რომ აგრესიას ახორციელებდა სომხური მხარე. რამდენიმე თვის წინ მათ აგრესია განახორციელეს ტოვუზის მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები, მაგალითად თურქეთი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები, ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მან.

მისივე თქმით, „შექმნილი სიტუაციის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის საოკუპაციო ძალების ყოფნაა“.

„ასე რომ, თუ ამ მთავარ პრობლემას გადავწყვეტთ, სომხეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დიალოგი, მოლაპარაკებები საერთაშორისო შუამავლების მედიატორებით“,- აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა.

აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან გუშინ დილით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შესაბამისად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ელდარ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხთის მიერ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობაა.

"სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეზე",- განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთის მხრიდან ოკუპაციისთვის მზადების შესახებ.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტისპირა ხაზის გასწვრივ მდებარე, მჭიდროდ დასახლებული სამოქალაქო ზონებისა და ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის გარდაცვლილი და დაჭრილების შესახებ. ძლიერი ზიანი მიადგა ბევრ საცხოვრებელ სახლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მაგალითად, 27 სექტემბერს საღამოს, 20:00 საათის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია 19 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთის მიმდინარე სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების განთავსება აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიმართავენ „საპასუხო ზომებს სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანი ახორციელებს თავის უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა მედიის წარმომადგენლებს ფოტო მასალები გადასცეს სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

ამასთან, ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი იუწყება. 

"იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის. 

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

 „გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, – წერს თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

კურსი წარმოდგენილია ორი მოდულის სახით. პირველ მოდულში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვანძო საკითხები, მიმოხილულია ახალი კანონპროექტი და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), მეორე მოდულში კი დეტალურად არის განხილული საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სასჯელაღსრულებით სფეროებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით პერსონალური მონაცემის  დაცვის ასპექტები.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

პირველი მოდულის ხანგრძლივობაა - 24 საათი, მეორე მოდულის - 20 საათი.

მსმენელებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც ორივე, ასევე  მხოლოდ ერთ-ერთ მოდულზე (პირველ მოდულზე - 16 ოქტომბრამდე, მეორე მოდულზე  - 23 ოქტომბრამდე).

მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

პირველი მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

მეორე მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/dpo/

გამოქვეყნებულია განათლება

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტის წარმომადგენლებზე. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ასევე, დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.

საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. შესაბამისად, ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ -TRT ქართული წერს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმასთან დაკავშირებით Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა: ”სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ დაესხა თავს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ყველაზე დიდი საფრთხეა რეგიონში მშვიდობისთვის. თურქი ერი, როგორც ყოველთვის, დღესაც მთელი თავისი შესაძლებლობებით დგას თავისი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით... საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია სომხეთის პროვოკაციული აგრესიის მიმართ საჭირო და საკმარისი რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ორმაგი სტანდარტი. მინსკის სამეული (რუსეთი,აშშ, საფრანგეთი), რომელიც თითქმის 30 წელია გულგრილ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, შორს არის პრობლემის გადაჭრის მოქმედებისგან. სომეხ ხალხს მოვუწოდებთ მთავრობის, რომელიც ისინი კატასტროფისკენ მიჰყავს და მათ მარიონეტებად გამომყენებელთა წინააღმდეგ, გაუფრთხილდნენ თავიანთ მომავალს, მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს ოკუპაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს. დღეს სატელეფონო საუბარში როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩემს ძმას, ილჰამ ალიევს, განვუცხადე, თურქეთი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო"-ს გაგებით ეკიდება და იგი გააგრძელებს ამ პრინციპის და ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების თანადგომას", - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

26 სექტემბრის საღამოს, თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ საქართველოში თურქმენეთის საელჩო იუწყება.

როგორც საელჩოში "ნიუსდეი საქართველოს" განუმარტეს, ანძის განათება თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.

"მეგობრული აქცია ჩატარდა თბილისის მერიის მიერ, თურქმენეთის საელჩოს ხელშეწყობით და თანამშრომლობით. აქცია იყო და არის საქართველოს ხალხის პატივისცემის გამოხატულება თურქმენი ხალხისადმი და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღისთვის - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც დღეს ჩვენმა ქვეყანამ - 27 სექტემბერს აღნიშნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, 27 სექტემბერს აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური