Items filtered by date: ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

დღეს ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. 

„ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის  ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა.

შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.

საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთებმა სომხეთის არმიის კუთვნილი კიდევ ერთი საცეცხლე წერტილი გაანადგურეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. 

„განადგურებულია სომხეთის არმიის კუთვნილი კიდევ ერთი საცეცხლე წერტილი, საიდანაც რეგულარული დამიზნებითუ სროლები წარმოებდა ჩვენი პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით თოვუზის რეგიონის მიმართულებით,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში სიტუაცია თოვუზის მიმართულებით შედარებით წყნარი იყო. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ მედიის წარმომადგენლებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდა, დაუდასტურებელი, პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ და მხოლოდ სამინისტროს მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ცნობებს დაეყრდნონ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარის მახლობლად, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.

წყარო: https://mod.gov.az/ru/news/unichtozhena-eshyo-odna-ognevaya-tochka-protivnika-video-31491.html

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური