Items filtered by date: პარასკევი, 10 ივლისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ სამ მიმართულებაზე, რომლითაც არსებულ სიტუაციაში შეუძლიათ ისარგებლონ სამშობლოში დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა:

1) სპეციალური რეისები, რომელიც კვლავ აღდგა. სპეცრეისები განხორციელდება 2 ავიაკომპანიასთან ერთად - „Wizz Air“ და „Myway“. ეს რეისები არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან და მათი ფასი არ აღემატება 200 ევროს. მათი მიმართულებებია ვარშავა, ათენი, რომი, ბარსელონა - ყველა ამ მიმართულებიდან განხორციელდება სპეცლიალური რეისი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნებისათვის;

2) ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკების რეჟიმში ავიაკომპანიებთან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან „Lufthansa“ განაახლებს რეგულარულ ფრენებს - კვირაში განხორციელდება ორი რეისი. ასევე მიდის მოლაპარაკებები „Air Baltic“-თან და „Air France“-თან აგვისტოს თვიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით;

3) ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ შეასრულებს კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელ-ავივიდან.

„მინდა დავაწყნარო ჩვენი თანამემამულეები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდეს - ეს არ იქნება მხოლოდ ივლისის თვეში, ის შესაძლებელია გახანგრძლივდეს აგვისტოში და სექტემბერშიც. ეს იქნება დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე და ანალიზზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ საქართველოს საელჩოებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, იმის შესახებ თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების, ვისაც აქვს სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების სურვილი და შესაძლოა ეს მიმართულებებიც, გამომდინარე ამ ინფორმაციიდან, გადაიხედოს. მაგრამ ივლისში, აგვისტოში და სექტემბერშიც ეს სპეცრეისები გაგრძელდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან.
საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით,  პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე.

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური