Items filtered by date: პარასკევი, 05 ივნისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

სატელეფონო საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას და გატარებულ ზომებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და ახლო მომავალში, საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების დაგმობისთვის, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებშიც კი აგრძელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისევე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო იტყობინება.

ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე: http://covid19st.ushas.com.tr. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr.  USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ.

ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა  უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა.

უცხოელმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ 19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.

აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.
 
ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა. მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებისთვის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, რაც რიგ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებით მთავრდება.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
 
ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რეგულარულ ფორმატში განაგრძონ კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შეძლონ ადგილზე მიმდინარე პროვოკაციების აღკვეთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური