Items filtered by date: პარასკევი, 26 ივნისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი 27 ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) ონლაინ სასერტიფიკატო კურსს იწყებს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში საქართველოში არსებულ კომპანიებზეც ვრცელდება. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ, როგორც სამართლებრივი, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები მონაცემთა დაცვის სფეროებიდან.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/ და უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/

გამოქვეყნებულია განათლება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
კერძოდ:
2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.
 
 
გამოქვეყნებულია სამართალი

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში /შსს/ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სპეცოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში გასულ ღამეს ჩატარდა.

ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, რომლებიც დაპირისპირების ღამეს ავტომანქანა "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდნენ.

გაგნიძე და მახარაძე რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. არსებული ინფრომაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

 

წყარო: https://mtavari.tv/news/8571-mtavari-arkhis-inpormatsiit-politsiam-giorgi

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო სააგენტო იტყობინება.

ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

• 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

• 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
• 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

წყარო: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6509

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური