Items filtered by date: ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

გამოქვეყნებულია განათლება

პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

„მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, იმისთვის არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს, ისე ყველა იმ პროცესის თუ სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც საბოლოო ჯამში გარანტირებულად  უზრუნველყოფს პაციენტისთვის ეფექტური და სათანადო ხარისხის მედიკამენტის მიწოდებას.

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში  დანერგილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებების და პროცესების ყოველმხრივი შეფასება EU GMP რეგულაციებთან შესაბამისობაზე, იქნება ეს აუდიტები თუ წარმომადგენლობითი ინსპექტირებები სხვა ქვეყნების - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი - აუდიტორული კომპანიებისა და მარეგულირებელი სააგენტოების მხრიდან. აღნიშნული შემოწმებების სიხშირე და პერიოდულობა GM Pharma-ს ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და კომპანიის მხრიდან განიხილება როგორც პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობის მორიგი დემონსტრირება და მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაძლებლობა.

TÜV SÜD-ის ისტორია 150 წელს ითვლის, მასში მუშაობს 24,500-ზე მეტი თანამშრომელი და ამჟამად კომპანია ემსახურება როგორც კერძო კომპანიებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს სერტიფიცირების, აუდიტის, ტესტირებისა და კონსალტინგის საკითხებში მრეწველობის (მათ შორის ფარმაცევტული წარმოების), ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის  ხარისხის მართვის ახალი ISO სერტიფიკატის მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგიური, აპარატურული და ხარისხის მართვის პროცესების სანდოობას.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ე. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

"მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ცალკე სივრცეში, და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, იტალიაში, დანიაში.

 

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:04

დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს. ასევე, მემორიალს ესტუმრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, მილი მეჯლისის დეპუტატები, მინისტრები, კომიტეტების ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები და  ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მიტინგები ჩატარდება, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აგდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. 

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი – ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

ცნობისთვის, 1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ჰოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური