Items filtered by date: პარასკევი, 21 თებერვალი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეროვნული დღის - იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას იაპონიის მთავრობას და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ  იაპონიას და საქართველოს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ.
„იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელ,ს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია.“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იაპონიის დახმარებაზე საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში.
კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ამ მხრივ ხაზი გაესვა  გასულ წელს იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ნაყოფიერ ვიზიტებს, ისევე როგორც  2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრის, ტარო კონოს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში.
დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის, ისევე როგორც  ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ქართული ღვინის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით 2019 წლის მარტში ტოკიოში გამართული გამოფენის მნიშვნელობა.

„კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად, იაპონიის კომერციის და მრეწველობის საზოგადოებების ცენტრალური ფედერაციისგან - თბილისს საჩუქრად 100 ძირი საკურას ხე გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსად ჩვენი ურთიერთობისა საკურას ხეებიც გაძლიერდებიან და ყოველწლიურად მათი აყვავებისას შეგვახსენებენ ჩვენს ერებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.“- აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების  დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას იმ აქტიური ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაშირეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდებაამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.  

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვებირომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური