Items filtered by date: პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

სფფ-ს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია სპორტი

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 1.5 მილიონს მიაღწია. ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 64 მილიონ 845 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 44 მილიონ 942 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

კოვიდ-19-ის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულთა რიცხვი 279 ათას 867-მდე, ხოლო ინფიცირებულთა 14 მილიონ 314 ათას 265-მდე გაიზარდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) რეკომენდებული საკარანტინო პერიოდი 14 დღიდან 7-10 დღემდე შეამცირა.

ინგლისში ვირუსის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში 648 ადამიანის გარდაცვალების შედეგად დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 59 ათას 699-მდე გაიზარდა. 16 ათას 170 ახალი შემთხვევით დაინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 69 ათას 256 გახდა. ქვეყანაში დასრულდა საყოველთაო კარანტინი, რომელიც 5 ნოემბერს დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მათ შეუკვეთეს 350 მილიონი დოზა კოვიდ -19-ის ვაქცინა და გააკეთა გაფრთხილება, რომ ვაქცინების ლოგისტიკური განაწილების მხრივ ”სერიოზული სირთულეები იქნება”.

გერმანიაში, სადაც 17 ათას 812 ადამიანი დაიღუპა ვირუსის გამო და 1 მილიონ 105 ათას 800-ზე მეტი დაინფიცირდა, დედაქალაქ ბერლინში კოვიდ -19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ზომების მოწინააღმდეგე ჯგუფმა "Querdenken 30", ინფორმაციებში ზუსტი მონაცემების არ ასახვის გამო მედია საშუალებები გააპროტესტა.

მექსიკაში, სადაც გარდაიცვალა 107 ათას 565 ადამიანი და ვირუსით დაინფიცირდა 1 მილიონ 133 ათას 613, Pfizer-BioNtech– ის მიერ შექმნილი კოვიდ –19-ის ვაქცინით აცრა მომდევნო კვირიდან დაიწყება. ვაქცინა პირველი ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს და ექთნებს გაუკეთდებათ.

იაპონიაში კი პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მოიცავს მთავრობის მიერ 2021 წლის პირველ ნახევარში კოვიდ -19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის ხარჯების მთავრობის მიერ დაფარვას.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მინისტერილიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
„გლობალური პანდემიის  დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია - კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.“ - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე; ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები, ფაქტობრივად იქცნენ ამ უკანონო პოლიტიკის მძევლებად; კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის  მნიშვნელობას.
„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და  ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ.  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო არ იშურებს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე პროგრესის მისაღწევად და მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. ამასთან, აღინიშნა, რომ  საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. ხაზი გაესვა, რომ  საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას.
„კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.“ - განაცხადა ზალკალიანმა.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
გასმოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ დგას და ერთგულად ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
„ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური