არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი
მომავალ წელს სამოგზაუროდ შესაძლოა COVID-19–ის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგჭირდეთ
მომავალ წელს სამოგზაუროდ წასასვლელად, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგვჭირდეს. ამის შესახებ ნიუსი ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" დაწერა.
თავის მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს და ტელეკომპანიაც მის ინფორმაციას ციტირებს.
როგორც CNN წერს, რამდენიმე კომპანიამ და ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, უკვე დაიწყო სმარტფონებისთვის ისეთი აპლიკაციების შემუშვება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ატვირთონ თავიანთი სამედიცინო ისტორია, კორონავირუსის ტესტის და ვაქცინის გაკეთების შესახებ დეტალებით, რაც შემდგომ შესაძლოა საზღვრების გადალახვისას, სტადიონზე, კონცერტზე ან ოფისში შესასვლელად დასჭირდეთ.
გარდა ამისა, საერთო ნდობის ქსელმა [Common Trust Network] და მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უკვე შეთანხმება დადეს ავია–კომპანიებთან, მათ შორის ლუფტჰანზასთან, რომ მგზავრებმა, გამგზავრების წინ, ჯანმრთელობის ისტორია წარმოადგინონ.
"საზღვრის გადაკვეთისას კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ჯერზე შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია არა" – ასე ხსნის საერთო ნდობის ქსელის წარმომადგენელი ტომას კრამპტონი, ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის გამგზავრებისას წარმოდგენის აუცილებლობას.
თავის მხრივ, სტენფორდის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ჯული პარსონეტი, ამბობს, რომ მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკმარისი არ არის, რადგან ვაქცინის გაკეთების მიუხედავად, შესაძლოა ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს.
წყარო: https://mtavari.tv/news/27617-momaval-cels-samogzaurod-shesadzloa-covid-19