Items filtered by date: სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ახალი შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ-ჯერობით არ არის იმის მტკიცებულება, რომ იგი უფრო სერიოზული დაავადების ან სიკვდილიანობის გამომწვევია. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა ამის შესახებ,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს  შტაბ-ბინაში, ვიდეო კონფერენციის მეთოდით ტრადიციული ყოველკვირეული პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ. დროთა განმავლობაში ხდება ვირუსების მუტაცია. ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კოვიდ-19-ის შტამი უფრო სწრაფად გავრცელებადია, მაგრამ, ამ დროისათვის არ დაფიქსირებულა იმის რეალური საფრთხე, რომ იგი უფრო სერიოზული დაავადების ან სიკვდილიანობის გამომწვევია“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრე, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვერსია, ახლა უკვე ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

Noblet Media–მ და Info Sapiens–მა წარმოადგინეს აქტიური მომხმარებლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის კვლევა საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

2020 წლის 18 დეკემბერი – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media, Edelman-ის შვილობილმა კომპანიამ, Info Sapiens კვლევით სააგენტოსთან თანამშრომლობით წარადგინა კვლევა მომხმარებელთა მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანიები ოპერირებენ. აღნიშნული კვლევა არის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევის ნაწილი, რომელიც ჩატარდა Noblet Media–ს და Info Sapiens–ის მიერ 2020 წელს. კვლევის მიზანია წარმოადგინოს ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტი, რომლებიც ტონს აძლევენ ეკონომიკურ ცხოვრებას საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

 „ბოლო 10 წლის განმავლობაში, Noblet Media მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლა ჩვენ ვახორციელებთ დონორების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ რეგიონში აქტიური მომხმარებლის მიერ აღქმისა და ნდობის ნებისმიერ ცვლილებას მსხვილი დონორი ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ მონაცემთა საფუძველზე კომუნიკაციის მნიშვნელობას - კარგად ვიცნობთ რა სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მიზნებს, მტკივნეულ წერტილებსა და გამოწვევებს, შევიმუშავებთ ეფექტურ კამპანიებს მათი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. ეკონომიკური კოლაფსის შედეგად, რომელიც გამოწვეულია პანდემიითა და ქცევითი მოდელის შეცვლით ჩვენს მთავარ ბაზრებზე, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რათა მოვნახოთ ძირითადი შეტყობინებების მიწოდებისა და ჩვენი პარტნიორების რეპუტაციით მუშაობის ყველაზე საიმედო გზები”, - თქვა ევგენია პანკრატიევამ, Noblet Media CIS-ს დირექტორმა.

კვლევა შედგება 8 ბლოკისგან. პირველ ბლოკში ასახულია დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმა, ასევე სამიზნე აუდიტორიის ნაციონალური პროფილები. ქვემოთ მოცემულია მთელს რეგიონში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნდობასთან, აღქმასთან და შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი დასკვნები:

  • ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. საქართველოში რესპონდენტები ძირითადად ენდობიან ევროკავშირს (59%), გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) (53%) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) (51%). უკრაინელები ძირითადად ენდობიან ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დონორს[1], ყველაზე მეტად ენდობიან ევროკავშირს (74%). ასევე მოლდოველების 59% ამბობს, რომ ენდობა ევროკავშირს. გაეროს სააგენტოებს ძირითადად ენდობიან აზერბაიჯანელები, ბელარუსები და უზბეკები: UNICEF (35%, 39% და 51%) და UNDP (აღნიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 44%, 42% და 39%). მსოფლიო ბანკი ასევე ყველაზე სანდო დონორია უზბეკებისა (51%) და ბელარუსებისთვის (53%).
  • ძირითადი დონორები. უკრაინაში (64%) და საქართველოში (45%) საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განიხილება, როგორც ძირითადი დონორი. აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%) რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მსოფლიო ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს საგრანტო მხარდაჭერას. რესპონდენტების აზრით, ბელარუსში - EBRD (48%), ხოლო მოლდოვასა და საქართველოში - ევროკავშირი (54% და 44%).
  • დონორების ინვესტიციების აღქმა. აზერბაიჯანის გამოკლებით, ყველა ქვეყანაში რესპონდენტები თვლიან, რომ ინვესტორებისა და დონორების უმეტესობა ენერგოსექტორში ახორციელებენ ინვესტირებას. გამოკითხულთა 86%-ის აზრით, აზერბაიჯანში ინვესტიციები ყველაზე ხშირად ნავთობისა და გაზის სექტორში კეთდება. ფარმაცევტიკა და ინფრასტრუქტურა ასევე ინვესტირების ძირითად სექტორებს შორისაა: უზბეკეთსა და მოლდოვაში გამოკითხულთა 38%-მა და 49%-მა ფარმაცევტიკა მიუთითეს, ხოლო ქართველების 38% მიიჩნევს, რომ ეს ინფრასტრუქტურაა. კვლევის თანახმად, მანქანა-დანადგარების წარმოება რეგიონში 5 ყველაზე დაფინანსებული სექტორების შორის ბოლო ადგილზეა, ყველაზე დიდი მაჩვენებლით ბელარუსში (34%) და უზბეკეთში (37%).
  • უცხოური ინვესტიციების წარმატებულობა. რესპონდენტები ყველა ქვეყანაში, აზერბაიჯანისა და მოლდოვას გარდა, ასევე თვლიან, რომ ინვესტიციები ენერგოსექტორში ყველაზე წარმატებულია. აზერბაიჯანში, ნავთობისა და გაზის სექტორებში ინვესტიციები ყველაზე წარმატებულად გამოკითხულთა 93%-ით აღიქმება, ხოლო მოლდოვაში გამოკითხულთა 70% ფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციებს მიიჩნევს წარმატებულად. სხვა წარმატებული ინვესტიციები განხორციელდა ეკოლოგიაში საქართველოში (39%), განათლებაში მოლდოვაში (52%), ფარმაცევტიკაში უზბეკეთში (41%), ჯანდაცვაში უკრაინაში (25%) და მანქანა-დანადგარების წარმოებაში ბელარუსში (39%).
  • რეფორმების ღირებულება. უკრაინელები ყველაზე მეტად აცნობიერებენ, რომ დასავლეთ ქვეყნების დონორები ხელს უწყობენ სასარგებლო რეფორმებს მათ ქვეყანაში; კერძოდ, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ეს ინვესტიციების ძირითადი სარგებელია. ბელარუსების და მოლდოველების მიერ დასავლეთ ქვეყნების დონორების პოზიტიური აღქმის დონე ყველაზე დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, და შესაბამისად, მათი 12% და 14%-ი აცხადებს, რომ ინვესტიციებს, კრედიტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერას არანაირი სარგებელი არ მოაქვს მათი ქვეყნისთვის.
  • ძირითადი დონორების შესახებ არსებული აღქმა. საქართველოში ძირითად დონორებად რესპონდენტები მიიჩნევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და ევროკავშირს თითქმის თანაბარი პროპორციით (45% და 44% შესაბამისად). IMF უკრაინაში განიხილება, როგორც მთავარი დონორი (64%). მსოფლიო ბანკი ლიდერობს აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%). რესპონდენტები ბელარუსიიდან თვლიან, რომ მათ ქვეყანაში ინვესტიციებს ყველაზე ხშირად EBRD ახორციელებს (48%), ხოლო მოლდოველები (54%) მთავარ დონორად ევროკავშირს მიიჩნევენ.
  • კომუნიკაციის ნაკლებობა. ყველა ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ ზუსტი წარმოდგენა საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსის შესახებ, მაშინ როცა უკრაინელები ყველაზე ინფორმირებულ საზოგადოებას წარმოადგენენ - 34% ამბობს, რომ ფინანსური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. კომუნიკაციის ნაკლებობას ძირითადად განიცდიან ბელარუსის (77%), მოლდოვის (77%) და უზბეკეთის (78%) მოქალაქეები.
  • ინფორმაციის სანდო წყაროები.  ქართველები (50%), ბელარუსები (50%) და უზბეკები (48%) ირჩევენ სოციალურ ქსელს ინფორმაციის ძირითად წყაროდ იმის გასაგებად, თუ რა ხდება ქვეყანაში და საზღვარგარეთ, ხოლო უკრაინელები (60%), აზერბაიჯანელები (53%) და მოლდოველები (60%) სიახლეების გასაგებად ხშირად მედიის ვებსაიტებს იყენებენ.  

 „გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მკაფიო კომუნიკაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინელები შედარებით უფრო ინფორმირებული საზოგადოებაა. უფრო მეტიც, უკრაინაში ხალხი საკმაოდ მაღალ ნდობას გამოხატავს საერთაშორისო დონორების მიმართ და ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევებმა შეიძლება ეფექტური სამუშაო მოდელები წარმოუდგინოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხოლო უკრაინაში დონორებთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება შეიძლება გამოსადეგი გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ”, აღნიშნა ინა ვოლოსევიჩმა, Info Sapiens-ის დირექტორის მოადგილემ.

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევაში მოცემულია 6 ქვეყნის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევა, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე.

Noblet Media CIS-ის შესახებ

Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში – უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც იყენებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე გამოცდილებას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

Info Sapiens-ის შესახებ

კვლევითი სააგენტო Info Sapiens სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის საკითხებზე), ქცევის გაზომვისა და მეორადი წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებელთა კვლევის ბიზნესის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტი კლიენტისთვის. უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ადგილობრივი კვლევითი კომპანია (საერთაშორისო კომპანიების 5 წარმომადგენლის შემდეგ). Info Sapiens შეესაბამება ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

[1] კითხვარი მოიცავდა შემდეგ დონორებს: ევროკავშირი (EU); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); მსოფლიო ბანკი (WB); საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA); გერმანიის განვითარების ბანკი (KfW Entwicklungsbank / KfW განვითარების ბანკი); გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი (NIB); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit / GIZ); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური