Items filtered by date: პარასკევი, 18 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა. ნაძვის ხე თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთო.

ღონისძიების მსვლელობისას კახა კალაძემ თანამოქალაქეებს პირდაპირი ეთერით მიმართა და აღნიშნა, რომ პადემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს, წინასაახალწლო და საახალწლო ღონისძიებების ფორმატი განსხვავებულია, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი და დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა.

მისივე თქმით, დედაქალაქის წლევანდელი სლოგანია "თბილისი - სოლიდარობის ქალაქი".

"მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებთ თვალს.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს. სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს აქცევს დღესასწაულად. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს.

ჩემო პატარებო, ალბათ იცით ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მივულოცო მთელ საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით.

პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო.
დიახ, არ მოგესმათ - ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს. იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით.

ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

წელს თბილისს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან, მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიის პირობებში გვაქვს ქვეყანაში.

გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული - ეს არის ის, რისიც ეშინია ვირუსს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია!

ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს! მოდით, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რწმენით, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი", - განაცხადა თბილისის მერმა.

ღონისძიება, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და ხანმოკლე იყო. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა - Quintenssence.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან" ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის" გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური