Items filtered by date: ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA
დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელსაც "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
"თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.
პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას.
ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ. ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვუწოდეთ „სამართლიან არჩევნებს“ გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებას ესაჭიროებოდა ზუსტად ერთი დღე, თუმცა, როგორც ხედავთ, ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ამას აქვს მარტივი მიზეზი - სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1 პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა დაახლოებით ნახევარი პროცენტი. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8-პროცენტიანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე. ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას. უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელიც არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ.
„სამართლიანი არჩევნები“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წლების მანძილზე შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ორგანიზაცია ძალიან მალე აღიდგენს ცალკეული პირების მიერ შელახულ რეპუტაციას და კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განახორციელოს პარალელური ხმის დათვლა, რაც გახდება საიმედო საზომი არჩევნების სამართლიანობის შეფასებისთვის", - ნათქვამია ი. კობახიძის განცხადებაში.
 
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
 
თბილისი. 17 დეკემბერი 2020 – ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა  ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.
 
„2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,“ კარლ ჰარცელმა.
 
ENPARD-ის პროგრამას უკვე წლებია მოაქვს კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთად ბრძოლისთვის,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.
 
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება. ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის,“ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა.
 
პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.
 
ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

 ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური