Items filtered by date: პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესთან და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში თბილისის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე განათავსა ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, ამ ახალი ვიდეოს წყალობით, ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თურქმენეთს და მის უდიდეს წარმატებებს, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ეს არ არის პირველი ვიდეო-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს.

ვიდეო-რგოლის ჩვენება 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

11 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა საქართველოს პრეზიდენტma სალომე ზურაბიშვილი-მა გახსნა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებით სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.

ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ.

დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.
დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.
ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.
ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივ განცხადებაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 10:23

D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19

D ვიტამინი აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის. უფრო მეტიც, დღეს, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონად განიხილავს და სამედიცინო ლიტერატურაში D ჰორმონის სახელწოდებითაც შეხვდებით. ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ორგანო და უჯრედი შეიცავს D ვიტამინის რეცეპტორს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს ჩვენი უჯრედებისა და ორგანოების უმეტესობაზე.

D ვიტამინი ძლიერი იმუნომოდულატორია. დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს, იმუნური სისტემის დაცვასა და გაძლიერებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. ღიად უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ერთი რომელიმე ნივთიერება, რომლის მიღებითაც თავიდან ავირიდებდით კორონავირუსით ინფიცირებას და/ან ავადობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ნივთიერებებით უნდა მოვამარაგოთ ორგანიზმი, რომ იმუნურმა სისტემამ გამართულად და უხარვეზოდ იმუშაოს კოვიდ პანდემიის პირობებში.

იმუნური სისტემის მთავარი გამაჯანსაღებელი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს შემდეგს: ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება, რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.

ვიტამინებს რაც შეეხება, ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი მრავალფეროვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. ცოტა საკვები შეიცავს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხის გული და კაკაო. საზღვარგარეთ, ევროპასა და ამერიკაში, უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგ., ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად დამატებული აქვს D ვიტამინი. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები პრაქტიკულად არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად სწორედ ზამთარი დაიწყო, გარდა მზის ნაკლებობისა, ჩვენი კანი სამოსით თითქმის სრულად არის დაფარული და კანს მზესთან შეხება ნაკლებად აქვს. გარდა ამისა, ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, ნაკლებად გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელისშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ჩემპიონია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.

კოვიდ 19-ით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმს.  D ვიტამინის დანამატებს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ D ვიტამინის დეფიციტი.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით ნანახია, რომ არის გარკვეული ურთიერთკავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კორონავირუსს შორის. ერთ-ერთი უახლესი Meltzer DO, et al.-ის კვლევით, რომელშიც ჩართული იყო 489 პირი ინახა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ინდივიდებში უფრო ხშირი იყო COVID დადებითი ტესტის პასუხი, ვიდრე ნორმალური D  ვიტამინის მქონე ინდივიდებში.

Carpagnano GE, et al.-ის კვლევაში გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებული იყო სუნთქვის უკმარისობისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში. ამ პირებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო სიკვდილის რისკი. ერთ-ერთი პატარა რანდომიზებული Castillo ME, et al.-ის კვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართული იყო 50 ჰოსპიტალიზებული პაციენტი, პაციენტთა ნაწილს მიეცა D ვიტამინი (კალციფედიოლი) მაღალი დოზით, ხოლო ნაწილს კი უმკურნალეს მსგავსი სქემით D ვიტამინის დანამატების გარეშე. D ვიტამინით ნამკურნალებ ჯგუფში მხოლოდ 1 პაციენტს დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, განსხვავებით მეორე ჯგუფისგან, რომელთა მკურნალობაშიც არ იყო ჩართული D ვიტამინი. ამ ჯგუფში 26 პაციენტიდან 13-ს დასჭირდა რეანიმაციაში მკურნალობა.

D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი ანტიბიოტიკების - კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას, მეორეს მხრივ კი ამცირებს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობას და ზრდის მარეგულირებელი ლიმფოციტების (Treg) რაოდენობას. D ვიტამინის დეფიციტის ფონზე იმუნურ სისტემას შესაძლოა ჰქონდეს გადაჭარბებული პასუხი შემოჭრილ ინფექციურ აგენტზე და საკუთარი ქსოვილი მეტად დააზიანოს, ვიდრე შემოჭრილი პათოგენი. სწორედ ასეთი რამ ხდება კოვიდ ინფექციის დროს, როცა ვითარდება ციტოკინური შტორმი. კორონავირუსის მძიმე შემთხვევებში, ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ციტოკინებს, რომლებიც იდეაში ებრძვიან ვირუსს, თუმცა რეალურად აზიანებენ საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს ისე, რომ სწორედ ეს არის სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

ასევე ძალიან საინტერესო და ახალი მონაცემები ხდება ცნობილი D ვიტამინი გავლენის შესახებ სისხლის შემადედებელ სისტემაზე. კოვიდ ინფექციის ერთ-ერთი ხშირი და სერიოზული გართულებაა თრომბოზები, აქაც ნანახია D ვიტამინის დადებითი ეფექტი კოაგულაციურ კასკადზე და თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების  უნარზე. ჩატარებული Blondon et al-ის, Khademvatani et al-ისა და Wen-Xiu Wu et al-ის კვლევებით არის მონაცემები D ვიტამინის დეფიციტის ფონზე თრომბოზების, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლების განვითარების გაზრდილ სიხშირეზე.

ამჟამად ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დანამდვილებით D ვიტამინის დეფიციტს აქვს თუ არა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობასთან, თუმცა დანამდვილებით ვიცით იმ მყარი ასოციაციის შესახებ, რაც ინახა და განმეორდა არაერთ კვლევაში. ამდენად სანამ მიმდინარე და მომავალი რანდომიზებული კვლევები პასუხს გასცემს შეკითხვას, ეს ასოციაცია მიზეზ-შედეგობრივია თუ არა, რეკომენდებულია D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩით სახლში და ნაკლები დრო გაატარეთ გარეთ, ეხლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით.   2020 წლის ივლისში ექვსმა ასოციაციამ გამოსცა ერთობლივი განაცხადი, სადაც საუბარია პანდემიის პირობებში D ვიტამინის დანამატების მიღების აუცილებლობაზე, თუკი პირი ვერ ახერხებს ყოველდღიურად 15-30 წთ მზის აბაზანების მიღებას. ამ ერთობლივ განაცხადში საუბარია, რომ D ვიტამინის დანამატები ხელმისაწვდომი, იაფი და უსაფრთხოა მათი   გონივრული დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნულ განაცხადს ხელს აწერს ისეთი სახელგანთქმული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოება (Endocrine Society), ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (AACE), ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF) და ა.შ.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ მოხდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება გამოვიტანოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 400-800 სე - ბავშვებში და 2000 სე  - ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., ბოლუსური დოზა თვეში ერთხელ - არ გამოდგა ეფექტიანი რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ  მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 400-800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ, თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს მიიღოს პროფილაქტიკური დოზები, ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი დაუკავშირდეს მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მოახდენს სამკურნალო დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალურად შერჩევას.

 სტატიის ავტორი:ნათია ვაშაყმაძე 

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი,

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი,

კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური