Items filtered by date: სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

კორონავირუსის პანდემია ეტაპობრივად გახდა ბიზნეს სექტორის №1 გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია “GM Pharma”-ში განუცხადეს, კომპანიების მენეჯმენტისთვის უდიდეს გამოწვევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული, ფართო სპექტრის საკითხი წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

უსაფრთხო  სამუშაო გარემო გულისხმობს თანამშრომელთა ავადობის რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც COVID-პანდემია, ასევე სეზონური რესპირაციული დაავადებები, მათ შორის - გრიპი.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციის ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალებაა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი მინიმუმ 60%-ით შეამციროს მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებულად აუცილებელია გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკი, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მძიმე გართულებები და ამავე დროს ჯანდაცვის სისტემის, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მკვეთრი გადატვირთვა, რაც თავისთავად პაციენტთა სათანადოდ მოვლის დეფიციტსა და სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

სწორედ ამიტომ, კომპანია “GM Pharma”-მ გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო ინიციატივა, იზრუნა თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და მათ შესთავაზა ნებაყოფლობითი, უფასო იმუნიზაცია სამკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც სრულად შეესაბამება 2020-2021 წლების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რეკომენდებულ შემადგენლობას. “GM Pharma”-ს ასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია დადგენილი წესით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად 10 მილიონ პაციენტზე მეტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოში და საზღვარგარეთ.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენს ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს, 2 დღეში ის შვეიცარიაც დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა და “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა, საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქეს სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძემ, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

დაბოლოს გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ,  1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან 2-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

გამოქვეყნებულია სპორტი

აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები 28 წლიანი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ლაჩინის რაიონში შევიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მონაცემებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის და  28 წლიანი ოკუპაციის  შემდეგ ლაჩინის რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ლაჩინი გახლავთ ის სტრატეგიული ადგილი საიდანაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირი მყარდება. აღნიშნულ რაიონში ასევე მდებარეობს ე.წ.  „ლაჩინის დერეფანიც“. სომხეთმა, ლაჩინის ოკუპაცია 1992 წელს მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ლაჩინის რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც მხარეთა რწმენით მეტად იქნება გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში. კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi)  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა  მას მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური