Items filtered by date: ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, - ლი იენთან, რომელსაც, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი,- მალხაზ გულაშვილი უძღვებოდა:

1. ამ თვის დასაწყისში, ჩინური მხარის ორგანიზებით შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-3 გამოფენა ჩატარდა, რომელშიც ქართულმა მხარემ ასევე მესამედ მიიღო მონაწილეობა. გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ ამ გამოფენის შესახებ. თქვენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს ქართული მხარის მასში მონაწილეობას? რამდენად დაინტერესდა ჩინური მხარე ქართული პროდუქციით და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს?

- ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა დღეს მსოფლიოში ერთადერთი გამოფენაა, რომელიც იმპორტის თემაზე ტარდება. დღეს დაღმავალი მსოფლიო ეკონომიკის გამო წარმოქმნილი მზარდი ზეწოლის ფონზე, ჩინეთმა ამ გამოფენის ჩატარებით ნათლად აჩვენა, რომ იგი მზად არის მსოფლიოს გაუზიაროს ბაზრის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. წლევანდელ იმპორტის გამოფენაში ქვეყნებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მხარეებმა ჯამში 72,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გარიგების განხორციელებაზე გამოხატეს ინტერესი, რაც წინა წელთან შედარებით 2.1% -ით მეტია. ჩინეთის უზარმაზარმა სამომხმარებლო ბაზარმა ქვეყნებს ახალი შესაძლებლობები და დივიდენდები მოუტანა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან ჩინეთის გახსნილობის ღონისძიებების პოზიტიური პროგრესი შეაჯამა და ქვეყნებს რისკებისა და გამოწვევების ერთობლივად დაძლევისკენ, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებისკენ და მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა. მან ასევე ჩინეთის ყოველმხრივ გახსნილობის მისაღწევად შემდგომი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და ჩინეთის სრულად გახსნილობისა და მომგებიანი თანამშრომლობის შესახებ მკაფიო გზავნილები გააკეთა.

წელს საქართველომ ზედიზედ მესამედ მიიღო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა. ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის საშუალებით, ჩინელ მომხმარებლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თაფლის, ჩირეულის და სხვა მაღალხარისხიანი პროდუქტების მიმართ ცნობადობა სულ უფრო მეტად მატულობს. ამავდროულად, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აქტიური როლის წყალობით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომებრში ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 992 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 13.9%-ით გაიზარდა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტმა 419 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 180.8%-ით არის გაზრდილი. შედეგად, ჩინეთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა. წელს კოვიდ-19 ეპიდემიის გამო, ქართული მხარე გამოფენაზე დასასწრებად ადგილზე ვერ ჩავიდა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი ჩინეთში და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, გამოფენის გახსნის ცერემონიას ონლაინ რეჟიმში დაესწრნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ თურნავას ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა და ბინაზე მკურნალობდა, მან გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა დისტანციურად მაინც მიიღო. ეს სრულად ასახავს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მხარს უჭერს ქართული მხარე ამ გამოფენას. დარწმუნებული ვარ, გამოფენაში უწყვეტი მონაწილეობით, საქართველო ჩინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს უფრო სრულყოფილად აჩვენებს თავის უნიკალურ და მაღალხარისხიან პროდუქტს, რაც საქართველოს „ექსპორტზე ორიენტირებული" ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ასათვისებლად და „პოსტ-ეპიდემიის ეპოქაში" ეკონომიკის აღსადგენად მეტ შესაძლებლობას მისცემს.

2. ჩვენი ინფორმაციით, 15 ნოემბერს ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ასეანის წევრ 10 ქვეყანას შორის „რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება" (RCEP) გაფორმდა. გთხოვთ, გაგვაცნოთ ამ ხელშეკრულების ძირითადი შინაარსი და მისი მნიშვნელობა.

- 15 ნოემბერს ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ასეანის წევრ 10 ქვეყანას შორის „რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება" (RCEP) გაფორმდა. 15 წევრი ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკა და ვაჭრობა საერთო მოცულობით თითქმის მთელი მსოფლიოს მესამედია. ამ შეთანხმების გაფორმებას წინ რვაწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა. მისი ხელმოწერით თავისუფალი ვაჭრობის ახალი ზონა ოფიციალურად შეიქმნა, რომელსაც ყველაზე დიდი მოსახლეობა, ყველაზე ფართო ეკონომიკური და სავაჭრო მასშტაბები, შემადგენლობით ყველაზე მრავალფეროვანი სტრუქტურა და განვითარების ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს.

RCEP წევრ ქვეყნებში საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ეკონომიკური და სავაჭრო რეგულაციების ოპტიმიზაციას, რეგიონალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების ინტეგრაციას უწყობს ხელს და საბოლოოდ ნულოვანი ტარიფის მქონე სავაჭრო პროდუქციის რაოდენობა 90% -ს გადააჭარბებს. ექსპერტების ანგარიშით, 2050 წლისთვის RCEP-ის წევრი ქვეყნების მთლიანი მშპ 100 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამ შეთანხმების ხელმოწერა მულტილატერალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის გამარჯვებაა. იგი რეგიონის განვითარებასა და კეთილდღეობას და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეუწყობს ხელს.

3. ცოტა ხნის წინ ჩინეთის კომპარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სხდომა და რა შედეგები მოჰყვა მას?

- 26-29 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომპარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა, რომელმაც „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ნაციონალური ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმა და 2035 წლის გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული რეკომენდაციები" მიიღო. ამით 2021-2025 წწ. ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და 2035 წ. გრძელვადიანი მიზნების  სტრატეგია განისაზღვრა.

ნაციონალური ეკონომიკის და სოციალური განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყნის მართვის ძირითადი ფორმაა. „მე-13 ხუთწლედში" (2016-2020 წწ.) ჩინეთს უზარმაზარი მიღწევები ჰქონდა. ძირითადი მაჩვენებლები გეგმის მიხედვით, დროულად განხორციელდა. ჩინეთის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 6,7% შეადგინა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 100 ტრილიონი იუენის რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 55,75 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბეს თავი დააღწია. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიძლიერე და მთლიანად ეროვნული სიძლიერე ახალ დონეზე ავიდა.

„მე-14 ხუთწლედში" (2021-2025) „ასწლეულის პირველი მიზნის - ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების" ჩამოყალიბების შემდეგ, ჩინეთი „ასწლეულის მეორე მიზნის - ყოველმხრივ დოვლათიანი სოციალისტური თანამედროვე სახელმწიფოს" მშენებლობის გზაზე სვლას იწყებს. ასწლეულის მეორე მიზნის განხორციელება სწორედ „მე-14 ხუთწლედით" იწყება და ჩინეთი განვითარების ახალ ფაზაში შედის. ამ პლენარულ სხდომაზე  „მე-14 ხუთწლედში" ქვეყნის განვითარების სისტემური და სტრატეგიული გეგმები განისაზღვრა და „ექვსი ახალი ძირითადი მიზანი" დაისახა. კერძოდ, ესენია: ეკონომიკური განვითარების ახალი შედეგების მიღწევა, რეფორმებისა და გახსნილობის მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმა, სოციალური ცივილიზაციის დონის გაუმჯობესება, ეკოლოგიური ცივილიზაციის მშენებლობაში ახალი პროგრესის მიღწევა, ხალხის კეთილდღეობის დონის გაზრდა, ქვეყნის მმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ამ მიზნებისა და ამოცანების სრულად შესრულება მყარ საფუძველს ქმნის, რათა 2035 წლისთვის ჩინეთი ზომიერად თანამედროვე სოციალისტური ქვეყანა გახდეს, „ასწლეულის მეორე მიზნისაკენ" სვლა გააგრძელოს და საბოლოოდ „ჩინელი ერის აღორძინების" „ჩინური ოცნება" სისრულეში მოიყვანოს.

4. ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, რამაც მისცა სტიმული მხარეებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, დღეისათვის, ჩინეთი არის საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის. საქარველოში სამჯერ გაიმართა ფორუმიც ,,ერთი გზა ერთი სარტყელი'', რომელზეც სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას გაესვა ხაზი. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩინეთისა და საქართველოს მხრიდან „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ერთობლივად განხორციელების კუთხით? შეუქმნა თუ არა საფრთხე ჩინეთისა და საქართველოს ბიზნეს ურთიერთობებს მსოფლიო პანდემიამ?

- 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას ქართული მხარე დადებითად გამოეხმაურა და მასში აქტიურად ჩაერთო. მას შემდეგ ჩინეთ-საქართველოს შორის ამ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობამ აშკარად ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. საქართველოს ინიციატივითა და თაოსნობით „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი" სამჯერ ჩატარდა, რომელის ფარგლებშიც „სარტყელისა და გზის" ინიციატივის განხორციელებისთვის არა ერთი წინადადება და რეკომენდაცია შემუშავდა.

საქართველო სრულად იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობებს და ჩინეთთან საავტომობილო გზების, რკინიგზისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობას მუდმივად აღრმავებს, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას უზრუნველყოფს. გასული წლის აპრილში „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო ტრანსპორტირების განხორციელებისათვის უფრო მყარ პოლიტიკურ საფუძველს ქმნის.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე გამორჩეული შედეგს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. ეს არის პირველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის სივრციდან სხვა ქვეყანასთან გააფორმა. მან ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვნად განვითარებას შეუწყო ხელი და თან რეგიონში მისაბაძ მაგალითად იქცა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით, ჩინეთ-საქართველოს ორმხრივმა ვაჭრობამ წლევანდელი ეპიდემიის შედეგად გამოწვეული არახელსაყრელი ფაქტორები დაძლია და ისეთ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის სტაბილური ზრდა, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება.

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ღრმად ვითარდება და შედეგებს იძლევა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობის იდეას უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ უპირატესობებს და მისი მხრიდან ეკონომიკური გლობალიზაციისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის აქტიურ მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინური მხარე მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან პოლიტიკური კოორდინაცია, გაზარდოს თანამშრომლობის გახსნილობის დონე, დადებითი მხარეებით ერთმანეთის შევსება და „სარტყელისა და გზის" თანამშრომლობის გაღრმავების გზით, ჩინელი და ქართველი ხალხისათვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.

კოვიდ-19-ის ეპიდემია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევაა, რამაც ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზეც იქონია გავლენა. თუმცა მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე აქტიურად განაგრძობს კომუნიკაციას და დროებით სირთულეებს ერთად უმკლავდება. ჩინური კომპანიები სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებენ. სხვა სფეროებში თანამშრომლობა ასევე შეუფერხებლად მიიწევს წინ. მე მჯერა, რომ დროებითი სირთულეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ზოგად ტენდენციას ხელს ვერ შეუშლის, განსაცდელსა და გაჭირვებაში გამობრძმედილი ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში უფრო გაძლიერდება და მეტ ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

5. ზოგადად, რა ვითარებაა ამ დროისთვის ჩინეთში  Covid 19-თან და ეკონომიკურ  საკითხებთან დაკავშირებით?

- გმადლობთ, რომ ჩინეთის ეპიდსიტუაციისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართ ინტერესს იჩენთ. მოულოდნელად გაჩენილი ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის ჩინეთმა გადამჭრელი ზომები გაატარა. მძიმე განსაცდელის და სიძნელეების მიუხედავად, ჩინეთმა ეპიდსიტუაციის შემობრუნება შეძლო და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეპიდემია შეაჩერა. ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდია, ასეთი შედეგების მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის. ამჟამად ჩინეთში ეპიდემიის მდგომარეობა ეფექტურად კონტროლდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის სპორადული და იმპორტირებული შემთხვევები, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის გრძელვადიან და კომპლექსურ ხასიათს ნათლად აჩვენებს. ჩინეთი აგრძელებს ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და მზად არის "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციაზე დაყრდნობით მსოფლიოს ხალხებთან ერთად ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კოვიდ-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა და რთული და მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობის ფონზე, ჩინეთის მთავრობამ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას მეცნიერული კოორდინაცია გაუწია და წარმოებისა და ცხოვრების რეჟიმის აღდგენას ეფექტურად შეუწყო ხელი. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7% -ით გაიზარდა. ცალკეული კვარტლის მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება, პირველ კვარტალში ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 3.2%-ით შემცირდა, მესამე კვარტალში კი 4.9%-ით გაიზარდა. პირველ სამ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა სრულად ცხადყოფს, რომ ეკონომიკის აღდგენამ დადებითი შედეგები გამოიღო და ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩინეთი პროგრესთან ერთად შეინარჩუნებს სტაბილურობას, გააღრმავებს რეფორმებს, უზრუნველყოფს ხალხის საარსებო პირობებს, ყოველმხრივ გააფართოვებს გახსნილობას, ხელს შეუწყობს ღია მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობას, რათა ბიძგი მისცეს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას.

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი თურქული ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, მოზრდილების ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის წარმოების ყველა პროცესი დასრულებულია სრულიად ადგილობრივი საშუალებებით.

წერილობით განცხადებაში, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან ჩატარებულმა სამუშაოებმა, სამინისტროს მხარდაჭერით, ლოკალიზაციისა და ნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, პირველი შედეგები გამოიღო.

მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი ადგილობრივი ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად და დაამატა: "ჩვენი სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა პროექტმა პირველი შედეგები მოგვცა. ვაქცინის სამუშაო, რომელიც ტექნოლოგიის ტრანსფერსაც მოიცავს, წარმატებით დასრულდა. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის წარმოების ყველა პროცესი დასრულებულია ადგილობრივი შესაძლებლობებით... 2015 წელს ანკარის აქიურთის რაიონში დაწყებული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა ფირმა Turk İlaç- მა პირველი შევსება 2017 წელს გააკეთა. კარგი წარმოების პროცესის (GMP) სერტიფიკაციის მქონე ობიექტებში, ყველა პროცესი, მათ შორის ანტიგენის წარმოება, დასრულდა ადგილობრივი შესაძლებლობებით და დაიწყო წარმოება. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის, რომელმაც გაიარა ხარისხის აუცილებელი კონტროლი და დამტკიცებულია, პირველი პარტია ჩვენს სამინისტროს გადაეცა. ამრიგად, ახლა, როდესაც ადგილობრივი ვაქცინების წარმოება დღის წესრიგში დგას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული. ადგილობრივი ვაქცინების წარმოების პროცესი, რომელიც ჩვენ ლოკალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში დავიწყეთ, გაგრძელდება ახალი სასიხარულო სიახლეებით. გილოცავთ."

თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის გამოყენება მომავალი წლის აპრილის თვეში დაიწყება. მან ამის შესახებ,  პარლამენტში მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი განიხილავენ ვაქცინის შეთავაზებას მთელი კაცობრიობისთვის ყველაზე შესაფერისი პირობებით. მან, კოვიდ-19-თან დაკავშრებით მთავრობის მიერ მიღებული ზომებიდან გამომდინარე შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა და მოსახლეობისგან მოთმინება და თანადგომა ითხოვა.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური