აშშ-ს სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი მისიით შემოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ /DDG 75/ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, „შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა" - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
PACE-ს დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში
სტრასბურგი, 23.11.2020 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის /PACE/ თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამის შესახებ PACE-ს პრეს-სამსახური იუწყება სტრასბურგიდან.
განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა: ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ”, - აღნიშნულია PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაში.