Items filtered by date: ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

"საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ათასობით ქართველმა დემონსტრანტმა მდუმარე საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ". აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სტატიაში წერია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც ვაშინგტონი ტრადიციულად უჭერს მხარს, მათ შორის, სამხედრო დახმარებით. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი შექმნა.

"აქტივისტებს ხელში უჭირავთ საქართველოს ეროვნული დროშა და პლაკატები წარწერებით: აშშ - მადლობა ჩვენი თავისუფლებისთვის! რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა! აქტივისტები მმართველი პარტიის ხელმძღვანელზე, ბიძინა ივანიშვილზე, მიუთითებენ, რომელმაც თავისი კარიერა რუსეთში, 1990-იან წლებში შექმნა", - წერია სტატიაში. 

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ამომრჩევლის ხმების მოპარვაში, დამკვირვებლების მიმართ მუქარაში და ხმების დათვლის დროს დარღვევებში ადანაშაულებს. რვა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარლამენტს უკვე ბოიკოტი გამოუცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს უსვამენ ხაზს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოპოზიციური პარტიების პრეს-სამსახურში განუცხადეს.

განცხადებაში კერძოდ ნათქვამია: "აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. 

პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. 

პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა. 

პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა - ეს ის ნიშნებია,  რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის  მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა,  რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში. 

ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა  და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. 

საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა", - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

ევროპული საქართველო,
სტრატეგია აღმაშენებელი,
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი,
მოძრაობა ლელო საქართველოსთვის,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
ლეიბორისტული პარტია,
მოქალაქეები,
თავისუფალი დემოკრატები,
ახალი საქართველო,
რესპუბლიკური პარტია,
ეროვნულ დემოკრატიული პარტია,
ევროპული დემოკრატები,
ქრისტიან კონსერვატიული პარტია,
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის,
ემსახურე საქართველოს,
სამართლიანობისთვის,
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
თავისუფლება,
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა,
ახალი ქრისტიან დემოკრატები,
კანონი და სამართალი,
გამარჯვებული საქართველო და
თავისუფალი საქართველო.

 

 

.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების 1 წლით გაგზავნის მანდატი გასცა. პარლამეტში ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ხსენებული მანდატი გუშინ გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მანდატის  მიხედვით, თურქი სამხედროები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივ მონიტორინგის ცენტრში, რომელიც მთიან ყარაბაღში განთავსდება. თურქი სამხედროების აზერბაიჯანში გაგზავნის მანდატს პარლამენტში ოთხმა პარტიამ, "სამართლიანობის და განვითარების პარტიამ" (AKP), "რესპუბლიკური სახალხო პარტიამ" (CHP), "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ" (MHP) და "კარგი პარტიამ" (İYİ PARTİ) დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის მიერ განსასაზღვრ ადგილზე შესაქმნელი ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვებისა და გაკონტროლების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო რუსულ მხარეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების, რომელთაც სომხეთის ოკუპაციის გამო მოუწიათ ყარაბაღის დატოვება და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის დერეფნის გახსნის მნიშვნელობას.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანმა ყარაბაღმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების მოგვარებაში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და რომ იგივე თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს სირიის კრიზისისთვის და აქაც შესაძლოა მსგავსი მექანიზმის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაციები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან ადრე გაათავისუფლა 5 ქალაქის ცენტრი, 3 რაიონი, დაახლოებით 240 სოფელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება“, - ეს შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში,“ – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს - თავისუფლებას! 

მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური