Items filtered by date: პარასკევი, 13 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ეს არის იდეალური შესაძლებლობა, აშშ-ს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის გასამყარებლად

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13 ნოემბერიანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) დღეს ავრცელებს განცხადებას, 17-18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და ელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ლეკი დეგნანი გამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.”

“სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

მე გავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერის გადახედვის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

“საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებს მის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. 

“ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს წარმატებას საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში.”

 

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

გამოქვეყნებულია მსოფლიო

2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე.

ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას.

ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან.

ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულვებელყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.

ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის.

გამოსვლის დასასრულს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2020 10:55

საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისის "დინამო არენაზე" გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. აღნიშნული გამარჯვებით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

ვლადიმირ ვაისი: "ძალიან ვწუხვარ ასეთი თამაშის გამო, დღეს არ იყო ჩვენი დღე. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა ქართველი გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს.

დღეს მაკედონიამ გაიტანა გოლი, ჩვენზე ოდნავ უკეთესი გუნდი იყო და მინდა მივულოცო მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ შინ ვრჩებით. ყველასთვის უიღბლო დღე გამოდგა და ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ახლა გვაქვს ერთა ლიგის ორი თამაში და ამ ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთვარ მწვრთნელს, რომელიც მოიტანს ახალ იმედს და სულისკვეთებას.

ჩემი დრო ამოიწურა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. სრულდება ჩემთვის ძალიან კარგი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც ნამდვილად არ იყო იოლი.

სამწუხაროდ, დღეს ყველა აცრემლებული და სევდიანია. ყველას უკეთესი შედეგი გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მეტოქემ გამოიყენა ერთი შანსი და ჩვენ ვერაფერი. ვერ ვაჩვენეთ უფრო მეტი ხარისხი შეტევაში."

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ შეხვედრას 15 ნოემბერს ერთა ლიგის ეგიდით გამართავს. მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" სომხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები წლის დასკვნის შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპრიდებიან.

ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური