Items filtered by date: პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

31 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი დღეა, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს ვირჩევთ. ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ და კენჭისყრის პროცესი წარმართონ პროფესიულ დონეზე, იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

ცესკო, ასევე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესში საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების საკითხს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩეველზე, ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.  ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან.

31 ოქტომბერს ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა (ეგზიტპოლი) ტარდება საარჩევნო უბნებთან, კენჭისყრის პროცესის პარალელურად, მას შემდეგ რაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ამომრჩეველი  დატოვებს საარჩევნო უბანს, ამომრჩეველთან ინტერვიუს და გასაუბრების გზით.

მივმართავთ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს (საუბნო კომისიებში მყოფ უფლებამოსილ პირებს) კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში დაიცვან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც სრულად განსაზღვრავს ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ხვალ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მიცემის განსახორციელებლად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით.

ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის  5 971 წარმომადგენელი.

ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.

ასევე შეგახსენებთ, აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

31 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე  results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

31 ოქტომბერს 07.00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, და გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი კანონია!

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

მათი მონაცემებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.

პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.

რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.

აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას. 

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ. ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე  საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან  27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. 24 ოქტომბრიდან ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 25 ოპერატორი აფიქსირებდა.

ამასთან, ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ასევე შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 14 431 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა; ხოლო  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.


საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:


08:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

 

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 10 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
 
გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 10 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
 
 
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური