Items filtered by date: სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

ამავე სხდომაზე  გადაწყდა, რომ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივებულიყო მომართვის ვადა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით დასარეგისტრირებლად როგორც საარჩევნო სუბიექტებისთვის, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მოგვმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მთავრობის სიტყვები და ქმედებები, როგორც ჩანს, ამჟღავნებს ფოთის პორტისადმი მთავრობის მხარდაჭერას, ანაკლიის პორტის ხარჯზე და ბადებს კითხვებს, მთავრობის მცდელობაზე, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 27 ოქტომბერი – საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და კომენტარები, როგორც ჩანს, ამჟღავნებს მთავრობის ნამდვილ განზრახვას, მოახდინოს ფოთის პოპულარიზაცია და ზურგი შეაქციოს ანაკლიას, როგორც მომავალი პირველი კლასის პორტის ადგილმდებარეობას. ამ პროცესში, მთავრობამ გაიფუჭა რეპუტაცია საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში ინვესტორებისა და დიპლომატების შეცდომაში შეყვანით, რომლებსაც დააჯერეს, რომ მთავრობას კვლავ სურდა ანაკლიის პროექტის განხორციელება. ყველა ღონისძიება ცხადყოფს იმას, რომ, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის დაინტერესებული ანაკლიაში ამ პროექტის განხორციელებით.

მთავრობა მხარს უჭერს ფოთს, ანაკლიის ხარჯზე

როგორც მედიაში გაჟღერდა, 18 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პოლიტიკურ ღონისძიებაზე განაცხადა, "უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება.”[1]

ცალკე, დავით ებრალიძემ, „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (თიზ) გენერალურმა დირექტორმა „ჯორჯია თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა “თავდაპირველად, როდესაც ვფიქრობდით ახალი თიზ-ის ადგილმდებარეობაზე, სტრატეგიულად შეირჩა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა. ფოთის თიზ-ი განთავსებულია „აბრეშუმის გზის“ და საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კორიდორების ცენტრში. მისი ადგილმდებარეობა არის ფოთის თიზ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა, საქართველოში მდებარე სხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან შედარებით …  „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ არის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპანია „სმარტ კაპიტალ ჯგუფში.”[2]  

ერთობლივად, აღნიშნული კომენტარები მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა ახლა უკვე ფოთს უჭერს მხარს, როგორც დიდი ხნის ნანატრ ღრმაწყლოვანი პორტის მომავალ ლოკაციას, რაც ეწინააღმდეგება მთავრობის წინა განცხადებებს.

23 ოქტომბრის განცხადება, რომელიც გაკეთდა APM ტერმინალის (APMT) და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციის“ (PNTC) მიერ, რომ მათ გააფორმეს ხელშეკრულება, ნაყარი ტვირთის ახალი ტერმინალების ერთობლივად განვითარების თაობაზე ფოთის პორტის ჩრდილოეთით, ამყარებს რწმენას იმისას, რომ მთავრობა ყვება ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივს: ერთი, რომ იგი კვლავაც უჭერს მხარს ანაკლიას; და მეორე, რომ იგი სრულად კონცენტრირდება ფოთზე. „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციის“ ვებ-გვერდიდან როგორც ირკვევა, მათი მიზანია, ნახონ “ახალი ღრმაწყლოვანი პორტი (სრულიად ახალი) ნაყარი ტვირთისა და საკონტეინერო მომსახურებისთვის, არსებული ფოთის პორტის ჩრდილოეთით.”[3] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანაკლიის ალტერნატივა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესები იკვეთება ფოთის თიზ-ის ინტერესებთან

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, იკვეთება ფოთის თიზ-ისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, მაღალი რანგის პირების შემდეგი ახლო ფინანსური ინტერესები:

  • ფოთის თიზ-ს მართავს შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“, რომელსაც ერთობლივად ფლობენ ჩინური კომპანია CEFC-ის შვილობილი კომპანია და შპს „ევრაზიან ინვესტ“. 
  • დავით ებრალიძე და ივანე ჩხარტიშვილი არიან შპს „ევრაზიან ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლის უკანაც, თავის მხრივ, დგას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია, სადაც კანონმდებლობა არ არის საკმარისად გამჭვირვალე, რომ ჩანდნენ დამფუძნებლები.
  • დავით ებრალიძე უწინ იკავებდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო ეს ფონდი შექმნილია „ქართული ოცნების“ ლიდერის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი სხვადასხვა პირადი ინვესტიციების მართვის მიზნით.
  • ჩხარტიშვილი აგრეთვე არის შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე და ფლობს „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უკავშირდება „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“.[4] ჩხარტიშვილი “დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ საქმესთან,” Democracy and Freedom Watch-ის თანახმად.[5]
  • გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც გახლდათ შპს „ევრაზიან ინვესტის“ დირექტორთა საბჭოში და, როგორც ჩანს, არის შპს „ევრაზიან ინვესტის“ უკან მდგარი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ერთადერთი დირექტორი. იგი უწინ იკავებდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ გენერალური დირექტორის პოზიციას და მისი სახელი დიდი ხანია უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომლის ფინანსური მრჩეველიც იყო ბაჩიაშვილი.

მთავრობა აღიარებს, რომ ანაკლიის განხორციელება ნაკლებსავარაუდოა

კიდევ სხვა მტკიცებულება, იმისა, რომ მთავრობას არ აქვს ინტერესი იმისა, რომ ანაკლიაში განვითარდეს პორტი, არის ის ფაქტიც, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რაც უსათუოდ დააფრთხობს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს. შემოთავაზებული საბიუჯეტო პაკეტის 517-ე და 518-ე გვერდებზე მოცემულია შემდეგი სახის ჩანაწერი, ანაკლიის პორტის პროექტის ახალ ტენდერთან დაკავშირებით:  ““შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.”[6]

მთავრობამ მიატოვა ანაკლიის სამშენებლო მოედანი და შექმნა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკები

მთავრობამ აგრეთვე მიატოვა ანაკლიის პორტის განსახორციელებლად განკუთვნილი ტერიტორია, მას შემდეგ, რაც იგი უკანონოდ ჩამოართვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2020 წლის თებერვალში. მაშინ, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩადო დიდი რესურსები, რათა საპროექტო ტერიტორიაზე განეხორციელებინა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მიმართულებით, გამოწვია შედეგად მტვრის მნიშვნელოვანი და სისტემატიური გაფრქვევა, რაც ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნულმა შეიძლება პოტენციურად, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული, რესპირატორული პრობლემები მოსახლეობაში. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გააფრთხილა მთავრობა ამგვარი რისკების შემცირების საჭიროებისა და საშუალებების თაობაზე. თუმცა, მთავრობამ ეს გაფრთხილება უგულებელყო, რითიც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობის ჯანმრთელობას და მიანიშნა იმაზე, რომ არ გააჩნია ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარების არანაირი ინტერესი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება

“ამჟამინდელმა მთავრობამ შეცდომაში შეიყვანა საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მისი განზრახვების თაობაზე. 2020 წლის იანვარს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, მთავრობის მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთავრობა გამოაცხადებდა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტზე. თუმცა, მისი ქმედებების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ფოთის პორტს და მასთან დაკავშირებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ანაკლიის პორტის ხარჯზე. 

“ყველაზე შემაშფოთებელია მთავრობის ორპირობა, რაც მხოლოდ იმას გამოიღებს შედეგად, რომ დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს, ვისაც აღარ სჯერათ მთავრობის, და საქართველოს მოსახლეობას, რომელიც შიშობს, რომ კორუფციის კვალი კიდევ ერთხელ გაანადგურებს საქართველოს რეპუტაციას და შეარყევს მათ რწმენას მთავრობაში. მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ეს კიდევ საკითხავია. მისი მოტივების მიუხედავად, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის გულახდილი ანაკლიის მიმართ მისი განზრახვების თაობაზე.”

ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას

ანაკლიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წელს, მას შემდეგ რაც მთავრობამ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის შედარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტების კონსორციუმი დაიქირავა. ანაკლია შეირჩა მთელი რიგი უპირატესობების გამო, მათ შორის ტერიტორიის გეო-ტექნიკური პირობების, ფინანსური განხორციელებადობის და რაც მთავარია, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ეფექტის გამო, რომელსაც პროექტი იქონიებს, როგორც აფხაზეთის რეგიონზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული პორტების (ფოთის პორტის ჩათვლით) სიმძლავრეები და შიდა სახმელეთო კავშირები შეზღუდულია და ნებისმიერი სახის გაფართოებას ეროვნული საზღვაო სექტორისათვის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. ქვეყნის გრძელვადიანი პრიორიტეტების დაკმაყოფილებისა და სიმძლავრეების ფაზებად განვითარების უზრუნველსაყოფად, კონსულტანტებმა საქართველოს მთავრობას ანაკლიაში ახალი მსხვილმასშტაბიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის რეკომენდაცია გაუწიეს.

ფოთის არსებულ პორტს გააჩნია მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რაც მას შეუფერებელს ხდის ამგვარი განვითარებისთვის, ხოლო ახლად-შემოთავაზებული ადგილმდებარეობა, ანალოგიურად ნაკლოვანია, როგორც ეს უკვე დეტალურად ახსნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.[7]

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

[1] http://newsreport.ge/შემდგომი-4-წელი-იქნება-კონ/?fbclid=IwAR1AtLz_0LUPH6-rpI6mL3jDqulgERnq9WyNFyosCQYlUZalo0uIqyrsHQ0

[2] http://georgiatoday.ge/news/22687/Poti-FIZ-CEO-on-the-Benefits-of-World-Free-Zone-Organization-Membership

[3] https://pntc.ge

[4] http://smartcapital.ge

[6] საქართველოს მთავრობის მიერ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარდგენილი სრული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142460/07-2.525_ბიუჯეტი_2021

[7] http://anakliadevelopment.com/news/port-of-poti-is-an-inadequate-substitute-for-anaklia-deep-sea-port/

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური