Items filtered by date: ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომაც.

არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ  საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

საპასუხოდ, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომაც შეასრულა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ფარმაცევტული კორპორაცია  GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის,  ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.

კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი  ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს  GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია  NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების  საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს   წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.

GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სიძულვილის ენა, პოპულიზმი, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, თავდასხმები მედიაზე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბოროტად გამოყენების პოტენციალი - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, მისი ვადის მსვლელობისას ეს საკითხები ევროსაბჭოს მთავარი პრიორიტეტები იქნება.

მარია პეიინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 

ოთხშაბათს, 29 იანვარს ევროსაბჭოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ქართული მედიის კითხვაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მცოცავ ოკუპაციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ამ საკითხებს ევროსაბჭო ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს და მისი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაშიც ასევე გაგრძელდება.

„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილება. ეს საკითხი გენერალური მდივნისა და ევრსაბჭოს დღის წესრიგში რჩება“, - აღნიშნა მარია ბურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ხორვატი პოლიტიკოსი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად სექტემბერში აირჩიეს და მან ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური