Items filtered by date: ორშაბათი, 27 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ იმ გზავნილებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ვეცდები, რომ მაქსიმალურად აქტიურად გამოვიყენო ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დეპუტატმა, რომელიც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირველი სესია საინტერესოდ დაიწყო და ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განიხილებოდა, ეხებოდა რუსეთის დელეგაციის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით, გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან და შევჯერდით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდით დელეგაციის აღიარების საკითხს იმ უხეში წინააღმდეგობების გამო ევროსაბჭოს პრინციპებთან, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ეს გზავნილი გავახმოვანეთ ევროპის საბჭოს სესიაზე და უკვე კომიტეტები იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის დელეგაციის აღიარება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი დელეგაციის მიერ სხვა დელეგაციებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასესიო კვირის დღის წესრიგზე საუბრისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განმარტა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში პირველად ვიღებთ მონაწილეობას ახალი შემადგენლობით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო პროცესებში. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში. განწყობა შესანიშნავია, აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ახალი შემადგენლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა“, – აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

 
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სტრასბურგში, დღეს მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. სხდომაზე გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. სხდომაზე გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ბელგიელი დებუტატი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო.

თავის გამოსვლაში ჰენდრიკ დამსმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი ასევე ბელგიელი იყო და ის იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. "თუკი დავდგები რაიმე არჩევანის წინაშე იდეალური ევროპასა და უკეთეს ევროპას შორის, მე უკეთეს ევროპას ავირჩევ, რადგან იდეალური ევროპა არ არსებობს. უკეთესი ევროპის შექმნა კი, 900 მილიონი ევროპელი მოქალაქისთვის ყველას ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე ჰენდრიკ დამსმა ლილიან მორი პასკიე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის ივნისიდან იკავებდა.

როგორც ცნობილია, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩავა. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ USAID საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გაცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.

პროექტს “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” ორგანიზაცია Research Triangle Institutes (RTI) სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ამ პროცესში კი USAID აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორცილებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.

ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი და ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

გამოქვეყნებულია განათლება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური