Items filtered by date: ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია.
შეხვედრისას აღინიშნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რასაც მსოფლიო გენერაციის ახალი წყაროების განვითარებით პასუხობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარების შესაძლებლობაზე,  ქვეყნის მდიდარ ჰიდრორესურსებზე და ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს რეგიონში და ევროკავშირის ბაზარზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ACCIONA-ის წარმომადგენლობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.
ACCIONA განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის სექტორში ხუთ კონტინენტზე, 20 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ასევე საქმიანობს ქარის ტურბინების გენერატორების წარმოების სფეროში. ACCIONA-ის წლიური შემოსავალი 7,5 მილიარდ ევროს, ხოლო კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 38 000 ადამიანს აჭარბებს.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გასულ წელს აფასებენ. მოკლე შეჯამება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა /იბსუ/ და მისმა რექტორმა გააკეთეს. ილიას ჩილოღლუ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

-როგორია თქვენი უნივერსიტეტის კონკრეტული მიღწევები 2019 წელს?

-2019 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გლობალური მაშტაბით აღიარებული საუნივერსიტეტო გაერთიანების Magna Charta Consorcium-ის წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 1000-მდე წამყვან უნივერსიტეტს. უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული მსოფლიოს 70-მდე წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. გავხდით ფრანკოფონიის უნივერსიტეტების გაერთიანების წევრი.

-რით დაგამახსოვრათ 2019-მა წელმა თავი უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით, რა იყო ასეთი ნაბიჯი თქვენი აზრით?

-2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა. EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.

ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას.

-როგორია თქვენი უნივერსიტეტის ადგილი და როლი ქართული უმაღლესი განათლების ჭრილში 2019 წელს და რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლისგან?

-უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებითა და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება. შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.

სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლის კუთხით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ გამოსცემს ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის სპეციალისტებით და მკვლევარებით.
უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მაშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის წამყვანი მკვლევარები.

უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში (Erasmus+, DAAD, Tempus, Visegrad Fund, Black Sea Cross Border Cooperation) და არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთი სამეცნიერო გრანტის ბენეფიციარი.

-რა არის 2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და სურვილები ქართული უმაღლესი განათლების გაჯანსაღებისთვის

-2020 წლისათვის უნივერსიტეტს აქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების რაოდენობის გაზრდა,  საგანმანთლებლო და კვლევით პროცესში  ჩართული უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების გაზრდა.  უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს 40 აკრედიტირებული პროგრამა. შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი დამატებით გეგმავს ახალი პროგრამების აკრედიტაციას. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს ინფრასტრუქტურის განვითარებას.

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ლი იენს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ ჩინურმა მხარემ დაასრულა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები დასრულებულია საქართველოს მხრიდანაც, რის საფუძველზეც შეთანხმება უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური