Items filtered by date: სამშაბათი, 14 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე ჩოხატაურში აღნიშნა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების ციხესიმაგრეზე აღიმართა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და მომავალი თაობების აღზრდაში სახელმწიფო სიმბოლიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
"ჩემო თანამემამულენო, მინდა ყველას სახელმწიფო დროშის დღე მოგილოცოთ. ეს დღე მინდა მოგილოცოთ გურიიდან, იმ კუთხიდან, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამიტომ, სიმბოლურია საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის გურიიდან მილოცვა.
 
უპირველესად, მინდა ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მივულოცო. ასევე ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომლებიც საქართველოს, სამშვიდობო მისიებში საქართველოს დროშით წარმოადგენენ. 
 
ჩვენი დროშა, პირველყოვლისა სახელმწიფოს ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, წელს ამ ისტორიულ ადგილას, ერისთავების სასახლეში აღვმართეთ ჩვენი დროშა.
 
ვგეგმავ, რომ ეს დღე ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღვნიშნო. ნამდვილად, ჩვენი დროშის შუაგულში გამოსახული ჯვარი, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.
 
დროშაზე ის ყველაფერია დატანილი რაც საქართველოს ქმნის - მისი ქრისტიანობა, მისი წარსული.
 
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშაა. ამ დროშით, ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, არამედ უკვე ვართ ევროპაში.
 
დროშის სიმბოლოებსა და ფერებში აისახება სამართლიანობა და სიმამაცე. ეს ის ფასეულობებია, რომლითაც ამაყობდა და ამაყობს საქართველო.
 
ეს დროშა, ჩვენი ერთიანობის დროშაა, მით უფრო მაშინ როდესაც აფხაზეთში ასეთი მძიმე მოვლენები ვითარდება, რომლებსაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება იყოს დაცული.
 
ჩვენ დღეს არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების დაცვის ბერკეტი, თუმცა ეს დროშა საქართველოს გამთლიანების იმედს წარმოადგენს. ის დღეს სრულიად საქართველოს დროშაა და მომავალშიც ასე იქნება.
 
ამ დროშის სახელით, ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება. ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები. ეს დროშა აერთიანებს ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უცხოეთში. ჩვენ საზღვრებს გარეთ სწორედ ამ დროშით ვართ ცნობილი. ამ დროშის ქვეშ, ქართველი სპორტსმენების არაერთი გამარჯვებით მრავალჯერ აღმართულა საქართველოს დროშა. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კიდევ მრავალჯერ აღიმართება საქართველოს დროშა.
 
მსურს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის მხოლოდ სიმბოლური შინაარსის მატარებელი. ის თქვენი თავის პატივისცემაა - თქვენი ქვეყნის, იმ ღირებულებებისა და ფასეულობების პატივისცემაა, რომლითაც ეს ქვეყანა აქამდე მოვიდა.
 
როგორც აღვნიშნე, ეს დროშა, ერთიანობის დროშაა, რომლის ღირსნი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის შიგნით, გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება. იმისათვის, რომ ამ დროშის ღირსნი ვიყოთ აუცილებელია დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რომლის სიმბოლოც ეს დროშაა  - ქრისტიანობა, თავისი სიყვარულითა და ერთიანობით.
 
2020 წლის დასაწყისს, მინდა ყველას გისურვოთ რომ ვყოფილიყავით ამ დროშის ღირსეულად მატარებელი ერი, მსგავსად იმ ქართველებისა, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და დღემდე მოიტანეს. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ღირსი იმ მომავლის, რომლის სიმბოლოც საქართველოსთვის ეს დროშაა. 
 
კიდევ ერთხელ მსურს კალანდობას, გურიიდან ყველას ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვოთ. მინდა მთელ საქართველოს და აგრეთვე მსოფლიოს ვუსურვო სიმშვიდე, რაც საერთო ადამიანური ფასეულობაა და ასე სჭირდება მსოფლიოს," -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური