Items filtered by date: ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA
თბილისი, 25 სექტემბერი, 2019 - დღეს, OPIC-სა (Overseas Private Investment Corporation) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც ბანკი OPIC-ისგან მიიღებს 15 მილიონ აშშ დოლარს. ეს თანხა მოხმარდება ლიბერთი ბანკის ინფრასტუქტურის მოდერნიზაციას, რაც ასევე მოიცავს უახლესი მოდელის 500 ბანკომატის შეძენას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბებას წამყვან, უნივერსალურ ბანკად საქართველოში. 
2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს: 
•ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
•მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
•მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში. 
მენეჯმენტის გუნდი მიიჩნევს, რომ ლიბერთი ბანკის ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რთულად მისაწვდომ დასახლებულ პუნქტებს, ინკლუზიური საფინანსო სისტემის განმტკიცების საწინდარს წარმოადგენს.
‘მოხარული ვართ OPIC-თან თანამშრომლობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა დიდი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. ახალი თაობის ბანკომატების განთავსებით ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული საბანკო მომსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
‘მინდა მადლობა გადავუხადო OPIC-ს  გამოხატული ნდობისათვის და ლიბერთი ბანკის გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყებას. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და კონკურენტული ფინანსური სისტემის განვითარებას.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.  
 ‘OPIC-ისთვის პატივია თანამშრომლობის დაწყება ლიბერთი ბანკთან. ეს თანამშრომლობა მიმართულია საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. OPIC-ის სესხი მიზნად ისახავს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით. ’- განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეთ ენჯელმა. 
 
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 
  
###
OPIC არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თვით ფინანსირებადი სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები განვითარებად ბაზრებში. OPIC შეიქმნა 1971 წელს და  მას შემდეგ   იგი ხელს უწყობს  ბიზნესებს დააზღვიონ მათი პოლიტიკური რისკები,  ეკონომიკურ წინსვლას განვითარებად ბაზრებზე და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიზნების მიღწევას აღნიშნულ ბაზრებზე. OPIC ეხმარება ამერიკულ კომპანიებს წამოიწყონ ბიზნესი განვითარებად ბაზრებში და დაიწყონ სტაბილური შემოსავლის გენერირება. OPIC-ს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. OPIC-ის მისიაა უზრუნველყოს ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე, დააზღვიოს პოლიტიკური რისკები და მხარი დაუჭიროს პირდაპირი ინვესტიციების ფონდებს. 
OPIC-ის დაფინანსება ხელმისაწვდომია არსებული და განვითარებადი ბიზნესებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ინვესტიციების განხორციელებას 160-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OPIC სთავაზობს ფინანსირებას საბაზრო პირობებზე. სწორედ ამის გამო OPIC არის თვით ფინანსირებადი ორგანიზაცია და სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არის დამოკიდებული. OPIC-ის ყველა პროექტი ხორციელდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს. 

მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

„ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.

EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისარ კარლოს მოედიშთან. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის თაობაზე. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება მიიღო იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯებია, რაც გულისხმობს განათლების კუთხით ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციასა და მათგან მეტი ბენეფიტის მიღებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და მათ შორის სამეცნიერო პროექტების განხორციელებით. ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერა საქართველოს „ევრაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოღვაწე ყველა მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი მეცნიერებისთვის თითქმის ყველა ევროპული სამეცნიერო ფონდი და რესურსი ხელმისაწვდომი გახდება. ფაქტობრივად, ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური