Items filtered by date: ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 - NEWSDAY GEORGIA

ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ი განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. 

საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. 

„სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის  ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი. 

„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

საქართველოსა და ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ის საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, „Doppelmayr Garaventa Group“-ის რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.

გამოქვეყნებულია სპორტი
14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
 
გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
 
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური