Items filtered by date: სამშაბათი, 30 ივლისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

2019 წლის 29 ივლისს, თბილისში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კორეის რესპუბლიკის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხთა ბიუროს გენერალური დირექტორი, ჯანგ კი-ჰო.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ვრცელი საკითხები, მათ შორის: ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა, ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ჰუმანიტარულ-კულტურულ საკითხებში პარტნიორობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის უხეშ ფაქტებზე.
შეხვედრისას, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კორეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დადებითად შეფასდა არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად იზრდება კორეის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ტურისტთა ნაკადი, რასაც დიდად უწყობს საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების აქტიური მუშაობა. კერძოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით საქართველოს უკვე 7 185 კორეელი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 30% ზრდას წარმოადგენს.

ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კორეის რესპუბლიკიდან. 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობამ 63 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2017 წელთან შედარებით 74% ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკის სფეროზე მოდის.

კონსულტაციების დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. კორეის დელეგაცია საქართველოს 30 ივლისს დატოვებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური