Items filtered by date: პარასკევი, 19 ივლისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. 

გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფესტივალის ლიცენზიანტი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.
„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს ამავე დროს ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომელიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ ასევე გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვით 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით", - მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600 - მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება ძიუდოსიტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი დადო მძლეოსანმა მედეა შონიამ.

საქართველოს დელეგაცია ბაქოში 20 ივლისს თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან 11:50 საათზე გაემგზავრება.

 
 

 

 
 
გამოქვეყნებულია სპორტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი - 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გამოქვეყნებულია სამართალი

ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
 
დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

„სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

„მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.

„საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე ორგანიზაციისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩვენ მიერ აკრედიტირებული ქართული პროგრამები ავტომატურად მოხდება ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, უკვე ნიშნავს რომ აღიარებულია ევროპაში. როგორც იყალთოში განვაცხადეთ, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა უმაღლესი და მეცნიერების მიმართულებით ევროპულ სივრცეებში ინტეგრაცია, რაც ფაქტობრივად დასრულებულია. შემოდგომიდან ქართველი მეცნიერებისთვის და ორგანიზაციებისთვის ყველა კარი იქნება გახსნილი და მათ შეეძლებათ ისარგებლონ იმ სეკეთეებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.

2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.

EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.

ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას. შესაბამისად, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რათა მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება.

ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. ამასთან, ცენტრის ENQA-სა და EQAR-ის წევრობა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო წლებში ცენტრი აქტიურად იმუშავებს ENQA-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც ENQA-სა და EQAR-ის წევრობასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური