სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.
“მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.
დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მ.კ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე, სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ.კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.
შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.