Items filtered by date: პარასკევი, 05 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

"ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა" - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან.

მინისტრის განცხდებით ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმალობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატოსი ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ,,ფრანკოფონიის თვის’’ ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიებას დაესწრო.

„მისასალმებელია საქართველოში „კამპუს ფრანსისა“ და საფრანგეთის წამყვანი უნივერისიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა. ამ მხრივ მინდა აღვნიშნო, კამპუს ფრანსისისა და სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ეფუძნება 2015 წელს გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ ცენტრისა და საფრანგეთის სასტიპენდიო სააგენტოს ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით საფრანგეთში გააგრძელონ სწავლა და გაიღრმავონ ცოდნა“ - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

ღონისძიებას, რომელიც ,,ფრანგული ინსტიტუტისა’’ და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და განათლების საერთასორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე შედგა განახლებული ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა.

ფრანგულ-ქართული სამაგისტრო სტიპენდია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყოველ სასწავლო წელს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ. სასტიპენდიო პროგრამა 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება და მის ფარგლებში ათეულობით ქართველი სტუდენტი შეძლებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლას.

ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 2019-2020 სასწავლო წელს 15 სტიპენდია გაიცემა და საქართველოს მოქალაქეებს ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში 1 აკადემიური წლით დაუფინანსდებათ სწავლა. სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.

საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებზე პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრეს: განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ, კამპუს ფრანსის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე შიშ - პორტიშმა, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა - პიერ კლუემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

საგანმანათლებლო სფეროში საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სტუდენტთა მობილობის შესახებ იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, ქართველი სტუდენტებისთვის საფრანგეთი ევროკავშირში რიგით მეორე მიმართულებას წარმოადგენს. ხელმოწერილია erasmus + მობილობის თხუთმეტი შეთანხმება. ასევე, უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 22 ხელშეკრულება. უკვე ფუნქციონირებს სამი ორმაგი დიპლომის პროგრამა (ინფორმატიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა, მართვა). იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებული პედაგოგიური კურსით ფრანგულ ენაზე (როგორც, მაგალითად, ტურიზმისა და ინოვაციების სფეროზე ადაპტირებული ფრანგული ენის კურსი, ონლაინ სწავლების საშუალებით).

ამასთანავე, კამპუს ფრანსის წარმომადგენლობა, საფრანგეთის მიმართულებით მობილობის წახალისების მიზნით, სტუდენტებს უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს.

ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსება წარმოადგენს. 2018 წლის 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ხელმოწერილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებით დაფუძნებული ამბიციური პროექტის მიზანს წარმოადგენს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ორმაგი დიპლომების ამოქმედება როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

გამოქვეყნებულია განათლება

ავღანეთში საქართელოს თავდაცვის ძლების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

უმცროსმა სერჟნტმა მერაბ ირემაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვეითად გადაადგილებისას იპოვა საფულე დიდი ოდენობის თანხით და დოკუმენტაციით, რომელიც წარადგინა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაპოვნი ნივთი დაუბრუნდა მესაკუთრეს. ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ კაპრალმა ბადრი ფუტკარაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე იპოვა საფულე 1200 დოლარის ოდენობის თანხით, კაპრალ სპეციალისტმა ზვიად ქადარიამ და სერჟანტმა ირაკლი ტაბატაძემ კი ამოცანის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას დიდი ოდენობის ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები იპოვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამხედრო პოლიციას და დაკარგული ფული, ასევე, პირადი ნივთები მფლობელებს დაუბრუნდათ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 22-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გამოეცხადათ.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბშიც მოხდა, როდესაც ქართველმა სამხედროებმა დიდი რაოდენობის თანხა იპოვეს და მესაკუთრეს დაუბრუნეს.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველიმოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდმიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს“  მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისურიენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში  9 543 მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.  მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

"კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.’ - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსისადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისითაც. უკანასკნელ ხანს ქართულ-კორეულ ურთიერთობები შესამჩნევად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის საქმეთა დროებით რწმუნებულს ბატონ კიმ სე ვუნგს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-კორეული ურთიერთობების ესახებ, რაზეც  ბატონი კიმ სე ვუნგი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

ბატონო ელჩო, თქვენ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

მანამ სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ მე ბაქოში ვმუშაობდი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება მომენახულებინა თქვენი ლამაზი ქვეყანა. რაღა თქმა უნდა საქართველოს შესახებ მე ადრეც ბევრი მსმენია. რაც მთავარია ვიცოდი იოსებ სტალინის, ქართული ღვინის, ნატურალური პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. და უნდა აღინიშნოს მთავარი - საქართველოში ცხოვრობს უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.

რა სხვაობაა 10 წლის წინ ნანახსა და დღევანდელ საქართველოს შორის?

რაც პირველ რიგში აშკარად თვალშისაცემია, ეს არის ეკონომიკური წინსვლა და ვიზიტორების შესამჩნევი რაოდენობის ზრდა. გასული წლის მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი, რაც 2,5 ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას.  

რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თაობაზე?

რომ შევხედოთ ამ საკითხს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ  „დღეის მონაცემებით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა. როგორც იცით კორეაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაძლიერდა ეკონომიკურად. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ აღმასვლაში. რაღა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა ინვესტიციების განხორციელება თქვენი ქვეყნის ეკონომიკაში“. აი სულ რამოდენიმე ხნის წინ სეულში საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა მზად არის განიხილოს ყველა თქვენი წინადადება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე“.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებასაც. როგორც იცით 2016 წელს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შეხვდა ერთმანეთს და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. 2017 წელს თბილისში ფართოდ ავღნიშნეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

ქართულ-კორეულ ურთიერთობებში, თანამშრომლობის კუთხით  რომელ პროექტს გამოყოფდით?

რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გულისხმობს. პროექტს განახორციელებს სს „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც თქვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 115 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს. რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ურთიერთობების გაზრდის პოტენციალი სახეზე გვაქვს. ასევე ინვესტიციების საერთო მოცულობამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ასევე 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იზრდება ორ ქვაყანას შორის ტურისტული მიმოსვლის პოტენციალი. 2017 წელს მაგალითად, 7,2 ათასი კორეელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გასულ წელს კი ეს ციფრი გაორმაგდა და 13 ათასს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს პირველი შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით, როცა ტურისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ კორეაში  საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. და არა მარტო საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ კორეის მოქალაქეებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგალითად, გასულ წელს, 50 მილიონი კორეის მოსახლეობიდან 25 მილიონმა იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში. „კორეელი მოსახლეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ისინი ეძებენ ახალ, საინტერესო ქვეყნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მათი ინტერესების სფეროშია მოქცეული“, - აცხადებს კორეელი დიპლომატი.

ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში ასევე ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის დაწყება. გასულ წელს სეულსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისი შესრულდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ასევე საუბარია პირდაპირი ავიარეისის (სეული-თბილისი-სეული) გახსნაზეც და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განათლების სფეროში?

დიახ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება, სადაც 60 ქართველი სტუდენტი ეუფლება კორეულ ენას. რაღა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრონ კორეაში და გააგრძელონ სწავლა კორეის რომელიმე სასწავლებელში. გასულ წელს, კორეის საელჩომ საქართველოში გამოყო სტიპენდია და 3 ქართველო სტუდენტი გააგზავნა კორეაში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე მიმდინარე წელსაც არანაკლებ 3 სტუდენტს გავუშვებთ კორეაში ჩვენი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, არსებობს კორეის განათლების სამინისტროსთან არსებული ენის შემსწავლელი განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც ასევე იწვევს სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად. ასევე გვაქვს კორეული ენის შემსწავლელი აკადემიაც, რომელიც არა მარტო იწვევს სტუდენტებს, არამედ თვითონვე აგზავნიან პროფესორ-მასწავლებლებს, რათა სხვა ქვეყნებში შეასწავლონ კორეული ენა სტუდენტებს. საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ისინი გამოაგზავნიან მასწავლებელს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეულ ენას ქართველ სტუდენტებს.  კორეელი პროფესორი ორი წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში სამუშაოდ.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ილიას უნივერსიტეტშიც გაიხსნება კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კორეა პოპულარული ხდება და საქართველოში ინტერესი კორეული ენის შესწავლის მიმართ, ისტორიის, მუსიკისა და ტრადიციების მიმართ მკვეთრად იზრდება.

რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას აქაც ურთიერთობა მეტად ნაყოფიერად ვითარდება. გასულ წელს ჩატარდა კორეული კულტურის ფესტივალი, ხოლო მოგვიანებით საქართველოში მომუშავე კორეელებმა (რომელთა რიცხვი 120-მდეა) თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მარტო ქართველები სწავლობენ კორეულ ენას, არამედ კორეელმა სტუდენტებმაც დაიწყეს სეულში ქართული ენის შესწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელჩს კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილს. სწორედ მან გაუკეთა აღნიშნულ კურსებს ორგანიზება. მისასალმებელია, რომ საქართველო-კორეას შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება. იმედი მაქვს ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კულტურული ღონისძიებების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აუცილებლად დაესწრება მაღალი რანგის ჩინოვნიკი.  გარდა ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება მაღალი დონის ვიზიტი ერთ-ერთი მინისტრის დონეზე.

ჩვენი საუბრის დასასრულს არ შეიძლება არ შევეხოთ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხს. რას აკეთებს ამ კუთხით კორეის მთავრობა?

როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელშეწყობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის. იმედი გვაქვს ეს შეხვედრები 2019 წელსაც გაგრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია. აქვე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობი პროცესს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური