Items filtered by date: ორშაბათი, 29 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება.

ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყო. 

საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში ფასდაუდებელია.

„ევროპის საბჭოსთან, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მინდა პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პრეზიდენტს წლების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ შემდგომშიც აქტიურად განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა.

„განვლილი 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა როგორც შიდა რეფორმების მიმართულებით, ისევე, როგორც უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ კონტექსტში, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

„ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

„საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“, 2019 წლის 2-5 მაისს, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

2019 წლის 27 აპრილი, თბილისი - 2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“ (მ. კოსტავას ქუჩა # 36/1), 2-დან 5 მაისამდე. კინოფილმები იქნება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები ხელისაწვდომია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: Official Facebook page of the festival .

ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018)  ჩვენებით, რომელიც გაიმართება 2 მაისს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. მოგვიანებით, 3-5 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (რეჟისორ ვოლოდიმერ ტიხის მხატვრული ფილმი, 2017 წელი),  “ვულკანი” (რეჟისორ ტომან ბონდარჩუკის მხატვრული ფილმი, 2018 წელი), კომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული), „როდესაც ხეები ეცემიან“ (მარუსია ნიკიტიუკის ფილმი, 2018) და რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები).

უკრაინული კინოფესტივალის 5-წლიანი ისტორიის ტრადიციის კვალდაკვალ, სპეციალური პროგრამა მომზადდა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შემდეგი თანამედროვე ფილმების ნახვა: „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

საფესტივალო ფილმების ბილეთები სიმბოლურ 1 ლარად ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: biletebi.ge, tkt.ge და kinoafisha.ge. შესაბამისად, თავისუფალი ადგილებისთვის რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

ფესტივალის მთავარი პროგრამის გარდა, 4 მაისს, 14:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკა და დარია პოლუნინა ბავშვებისთვის ჩაატარებენ მსახიობის ვორკშოპს. ეს ღონისძიება ბავშვებს ჩართავს კინოს მაგიურ სამყაროში და მათ მისცემს მსახიობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ღონისძიების ორგანიზატორის მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, უკრაინულ კინოს სამყაროს გაცნობას და ფესტივალიდან რაღაც განსაკუთრებულს წაღებას“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით.

ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=380515422541700 

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური