Items filtered by date: ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებაღაკვეთილი მსჯავრდებული. 

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურდაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ჟვანიამ.

წყარო: 1tv.ge 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება.

„დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა.

 შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

 მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება.

 ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის.

 შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა, რომ სერბეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური კავშირების განვითარება და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას, ასევე გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური