Items filtered by date: სამშაბათი, 16 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. 

მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, შავი ზღვის აუზის პერსპექტივები, სატრანსპორტო კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი განიხილეს. 

დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დადებითი დინამიკა და ის ფაქტი, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა. 
პრემიერ-მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის უნიკალური შესაძლებლობები და ის უპირატესობები, რომელსაც საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საბორნე მიმოსვლის მიმართულებით. 

საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ ბულგარელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. 

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზახარიევა და ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აპრილი 2019 12:44

დანიაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ჩართულობით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირინე დარჩიას საჯარო ლექცია „საქართველო - ოქროს საწმისის, ღვინისა და განუმეორებელი დამწერლობის სამშობლო“.

ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ხაზი გაუსვა ქართველი ერის თვითმყოფადობაში ქართული ენის მნიშვნელობას.

ლექციის ფარგლებში ირინე დარჩია დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ქართული ენის თავისებურებებსა და მისი განვითარების საფეხურებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ლინგვისტურ რუქაზე ქართული ენის ადგილსა და საუკუნეების განმავლობაში მის სხვა ენებთან კავშირებზე.

ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც დიპლომატიური კორპუსისა და დანიური აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დამატებით ინფორმაციას ქართული ენის შესახებ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლმოკიდებულ ნოტრ-დამთან პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას გალობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.

ნოტრ-დამთან გვიანობამდე იმყოფებოდა საფრანგეთს პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა.

"ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს,”-განაცხადა მაკრონმა.

მომხდარს საშინელება უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს დახმარებას დაპირდა იუნესკო.  მხარდაჭერა ფრანგ ხალხს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გამოუცხადეს.

ნოტრ-დამი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური. ეს ტაძარი რომელიმე ქვეყანაზე მაღლა დგას, ის ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ის მართლაც დიდი ტაძარია. მე ნამყოფი ვარ და შემიძლია ვთქვა, არ არსებობს მსგავსი საკათედრო ტაძარი მთელს მსოფლიოში. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს იყო სარემონტო სამუშაოები. ეს საშინელი სანახაობაა ",”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური