Items filtered by date: ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა არც ერთ კითხვას და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რომელიც დასმული იყო, ყველაზე ზუსტი პასუხი გაიცა“, – განაცხადა დ. ზალკალიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ევროპელი დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისევ ისმის შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი ჩვეულებრივი, პოლიტიკური დებატების ფორმატია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს დებატებს არ გაურბის.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკაა. ეს არის პოლიტიკური დებატების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მათ თავიანთი ინტერესი და მიდგომა აქვთ ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსგავს დებატებს არ გავურბივართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეკითხვები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც გაისმის, რადგან ეს არის ორგანიზაცია და მისი ეს ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებს, სწორედ მსგავსი სახის ურთიერთობების ფორმატია. 

„აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი დებატებია და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა“, – დასძინა დ. ზალკალიანმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება.

აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში და გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

„ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლის ს.გ.-ს და მგზავრის - ნ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და 1 მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, ასევე, 1 აბი "ექსტაზი" და 2 შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 9 აბი და ერთი ნატეხი "ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

 გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, 260-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით.

გამოქვეყნებულია სამართალი

უკრაინა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემუცხო ქვეყნებისწარმომადგენლობების მომსახურების გენერალურიდირექციის პრეს-ცენტრში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ელჩმა, როგორც თვითმხილველმა, ისაუბრა ისტორიულ წინაპირობაზე- რა უძღოდა წინ აღნიშნულ მოვლენებს და ყურადღება გაამახვილა შემდგომში განვითარებულ პროცესებზე. ელჩმა საზოგადოების წინაშე გაახმოვანა აქციაში დაღუპული ყველა მონაწილის სახელი და გვარი.

ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მეცნიერული საზოგადოების თავმჯდომარემ ირინა მატიაშმა, საქართველოს ელჩს საპატიო წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
ლექციას ესწრებოდნენ  პოლიტოლოგები, ექსპერტები, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური