Items filtered by date: ორშაბათი, 01 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას PSP-მ სასკოლო წიგნების და სასწავლო რვეულების ნაკრებები გადასცა. სახელმძღვანელოები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს გადაეცემათ.

„სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ქართულენოვან მოსახლეობას საზღვარგარეთიდან არაერთხელ მოუმართავს. განსაკუთრებული მოთხოვნაა თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გარეთ მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისგან. მათ ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, თუმცა სურვილი და ინტერესი დიდი აქვთ. ამ მოსახლეობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ძალიან სასიამოვნო და საჭირო საჩუქარი იქნება“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას გავაფართოვებთ,“- აცხადებენ პსპ-ში.

პსპ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეას, უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდეს. 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

გამოქვეყნებულია განათლება

პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. 

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.

დელეგაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. ვენეციის კომისიის წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. 

საქართველოს პარლამენტი, 4 აპრილს, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს. 5 აპრილს კი, პლენარულ სხდომაზე, დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.

პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია კანონპროექტის „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განხილვა.

კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.

ბიურომ განსახილველ საკითხებს დაამატა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“.

დადგენილების პროექტის შესაბამისად, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იქმნება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 16 წევრით.

2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 140-მდე განსახილველი საკითხია შეტანილი.

მიმდინარე სასესიო კვირის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 2 აპრილს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია ლუქსემბურგი, ირლანდია,  ესტონეთი, დანია), რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
 
ჩეხეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. 

ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას  საგრძნობლად შეამცირებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე  ძალაშია შესულია.
 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება. 
აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს. 
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტებია. 
დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.
აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. 
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
ბოლო აქციით, რომელიც იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და იმ მოქალაქეებს შეეხებოდა, რომლებიც ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობდნენ, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებული ნ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სამართალი

ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა.

პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა.

„დღეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. საქართველოს ფოსტას დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა. რა თქმა უნდა, ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ეს არის ნამდვილად დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე ზვიად გამსახურდიას ხუთტომეული, სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები". გაიმართა ასევე საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური